"ნაციონალური მოძრაობა" იბრძვის, რომ არა სახელმძღვანელოდან, არამედ ისტორიიდან იქნეს ამოღებული ბიძინა ივანიშვილის როლი - შალვა პაპუაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:35 | 06.12.2021
ნანახია: 387

"ქართული ოცნების" დეპუტატი შალვა პაპუაშვილი, ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის მოხსენიებასთან დაკავშირებით პროტესტს ეხმიანება და ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იბრძვის, რომ ისტორიიდან ამოიღოს ბიძინა ივანიშვილის როლი.

"ასეთი აჟიოტაჟი, რასაც ჩვენ ვხედავთ ეს არის უბრალოდ კიდევ ერთი მაგალითი, 21 საუკუნის ცენზორებისა, რომლებიც, ამ შემთხვევაში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა აქცენტს აკეთებს განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი, ვთქვათ იგივე მიხეილ სააკაშვილის თუ ზურაბ ჟვანიას გვერდზე თანამედროვე ისტორიის კუთხით იყოს თუ არა ნახსენები ეს... და ის, რომ ისინი ახლა იბრძვიან, რომ ამოღებული იქნეს წიგნიდან, ისინი სინამდვილეში იბრძვიან არა იმისთვის, რომ სახელმძღვანელოდან ან წიგნიდან იქნეს ამოღებული ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული მონაცემები, არამედ ისინი იბრძვიან, რომ ისტორიიდან იქნეს ამოღებული ამ ადამიანის როლი, ეს არის ბრძოლა ისტორიასთან." - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

გამომცემლობა "დიოგენეს" მე-9 კლასის ისტორიის წიგნში, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი 2020 წელს მიენიჭა, ბიძნა ივანიშვილი "ქველმოქმედად" და "მეცენატად" არის მოხსენიებული.

"[2012 წელს] მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა (გვერდი 410)", - ვკითხულობთ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში.

წიგნში საუბარია "ვარდების რევოლუციასა" და ნაციონალური მოძრაობის მმართველობაზე. კერძოდ, ნათქვამია, რომ იმ პერიოდში მთავრობამ დაამარცხა კორუფცია, გატარდა რეფორმები. ამასთან, საუბარია გადაცდომებზეც, რომ დაიწყო "გაურკვეველი დაჭერები" და, რომ ადამიანთა უფლებები ხშირად ირღვეოდა.

წიგნში ასევე საუბარია 2008 წლის აგვისტოს ომზეც, რომ 6-7 აგვისტოს "ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა" ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებს ცეცხლი გაუხსნეს.

"2008 წლის ივნის-ივლისში მკვეთრად მოიმატა შეიარაღებულმა პროვოკაციებმა ცხინვალის რეგიონში. ქართული სოფლებისთვის ცეცხლის გახსნა, გზების დანაღმვა, მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცება ყოველდღიურ მოვლენად იქცა. 2008 წლის 6-7 აგვისტოს ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული ძალების შეყვანის ბრძანება გასცა, რასაც რუსეთის ფედერაციამ პირდაპირი სამხედრო აგრესიით უპასუხა. 2008 წლის 8-10 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ათასობით ერთეული სამხედრო ტექნიკა და ათიათასობით სამხედრო ძალა შემოიყვანა. მძიმე ბრძოლების შემდეგ, ძალების აშკარა უთანასწორობის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონიდან ჯარები გამოიყვანა", - წერია წიგნში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე