"პიჯაკების" საქმეც, როგორც ყველა სხვა საქმე, კლასიკური პოლიტიკური დევნის მაგალითია - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 12:29 | 02.12.2021
ნანახია: 336

ეს საქმეც, როგორც ყველა სხვა საქმე, კლასიკური პოლიტიკური დევნის მაგალითია, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ე.წ. პიჯაკების საქმეზე საუბრისას.

"ბევრი გვილაპარაკია ამ საქმეზე, ძალიან აბსურდული კი არა, წარმოუდგენელი პოლიტიკური შურისძიების მაგალითია, კარგად ვიცნობ ამ საქმეს, მაგრამ, გავიხსენოთ ფარცხალაძის მიერ მოპარული მილიარდი ლარი, გვახსოვს ასევე კახა კალაძის მიერ 80 მილიონით ნაზარალები ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი და მთელი ეს კორუფციული სქემები.

მიხეილ სააკაშვილს ედავებიან 9 მილიონს, ტაილანდში მოგზაურობას, რომელიც არაღიარების პოლიტიკას უკავშირდებოდა, გვირგვინებს, პიჯაკებს, ეს წარმოუდგენელია. ამიტომ, თუ თვალს გადავავლებთ მთელ იმ პროცესებს, რომლებიც 9 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, დავინახავთ, რომ ეს საქმეც, როგორც ყველა სხვა საქმე, კლასიკური პოლიტიკური დევნის მაგალითია", - განაცხადა დეკანოიძემ.

დღეს სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის (ე.წ. პიჯაკების საქმე) მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა იმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე