აშშ-ში ომიკრონი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

საქართველო, თბილისი - 10:06 | 02.12.2021
ნანახია: 264

შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ახალი, ომიკრონი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ამერიკის მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ თეთრ სახლში გამართლ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ფაუჩის განცხადებით, შეერთებულ შტატებში ახალი შტამით ინფექციის პირველი შემთხვევა კალიფორნიაში დაფიქსირდა.

მისივე თქმით, ომიკრონით ინფიცირებული პიროვნება აცრილია და მძიმე სიმპტომები არ აღენიშნება.

"მოგზაური სამხრეთ აფრიკიდან 22 ნოემბერს დაბრუნდა, 29 ნოემბერს დაუდასტურა ომიკრონი შტამი. ის თვითიზოლაციაში იყო, ყველა ახლო კონტაქტის ტესტი უარყოფითი იყო. სრულად არის ვაქცინირებული, აქვს მსუბუქი სიმპტომები", - თქვა ფაუჩიმ.

კორონავირუსის ახალი შტამი B.1.1.529, რომელსაც მოგვიანებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ "ომიკრონი" უწოდა, თავდაპირველად სამხრეთ აფრიკის რეგიონში, ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გავრცელდა.

ამ დროისთვის, ომიკრონის შემთხვევები დაფიქსირდა 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, იტალიაში, ბელგიაში, ჩეხეთში, ისრაელსა და ჰონგ კონგში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის "ომიკრონი" შტამი "შემაშფოთებელ" ვარიანტთა ნუსხაში შეიტანა. ახალი შტამის გავრცელების ფონზე, ქვეყნები სამოგზაურო შეზღუდვებს აწესებენ სამხრეთ აფრიკის რეგიონში მდებარე ქვეყნებისთვის. ცოტა ხნის წინ, სამოგზაურო რეგულაციები დააწესა საქართველომაც.

მეცნიერთა თქმით, ახალი ვარიანტის მუტაციის რაოდენობა შემაძრწუნებელია. კორონავირუსის არც ერთი წინა ვარიანტი ასე ინტენსიურად არ მუტირებდა. მათივე თქმით, ის ძლიერ განსხვავდება ყველა წინამორბედისგან.

"ამ ვარიანტმა გაგვაკვირვა. მან დიდი ევოლუციური ნახტომი განიცადა და 50-მდე მუტაცია გაიარა", - განაცხადა სამხრეთ აფრიკის ეპიდემიოლოგიური რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელმა ტულიო დე ოლვეირამ.

სპეციალისტების აზრით, ინტენსიური მუტაცია აუცილებელი არ არის ადამიანისთვის საშიში იყოს, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ საქმე გვაქვს ვირუსთან, რომელიც რადიკალურად განსხვავდება უხანში წარმოშობილი ვირუსისგან.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის ვაქცინები, შესაძლოა, არასაკმარისად ეფექტიანი აღმოჩნდეს B.1.1.529-ის წინააღმდეგ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე