ბელარუსის მიერ ანექსირებული ყირიმის აღიარება ორმხრივ ურთიერთობას წერტილს დაუსვამს - დმიტრო კულება

საქართველო, თბილისი - 21:29 | 01.12.2021
ნანახია: 275

 

იმ შემთხვევაში თუ ბელარუსი ოფიციალურად აღიარებს ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ტერიტორიად, გამოუსწორებელი ზიანი მიადგება უკრაინასთან ურთიერთობას, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. „ბელარუსის მიერ ოკუპირებული ყირიმის პოტენციური აღიარება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას წერტილს დაუსვამს“, - განუცხადა კულებამ რიგაში ჟურნალისტებს.

კულებამ პირობა დადო, რომ ასეთი ნაბიჯის შემთხვევაში, უკრაინა „იმოქმედებს შესაბამისად, რადგან ყირიმის საკითხი მისთვის „კომპორმისების ველი არ არის“. ამასთან, უკრაინელმა მინისტრმა ბელარუსს საფრთხის პოტენციური წყარო უწოდა. „ჩვენ უკვე გავანაწილეთ  რესურსები ბელარუსთან ჩრდილოეთ საზღვარზე.  ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს ჩრდილოეთის ფლანგი ქვეყნის თავდასაცავად“, - განაცხადა მან.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ რუსულ სააგენტო „როსია სეგოდნიასთან“ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი „რუსული ტერიტორია“ გახდა მას შემდეგ, რაც ნახევარკუნულზე „რეფერენდუმი“ ჩატარდა.

„დე-ფაქტო ყირიმი - ეს რუსეთის ყირიმია. რეფერენდუმის შემდეგ დე იურე ყირიმი რუსეთის გახდა“, - განაცხადა ლუკაშენკამ.

მან ასევე განაცხადა, რომ ყირიმში ჩასვლას აპირებს და რომ ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკვე შეუთანხმდა, თუმცა ზუსტი ვადები ჯერ დადგენილი არ არის. ლუკაშენკას თქმით, „ყირიმში  ჩასვლით ის აღიარებს, რომ ნახევარკუნძული რუსეთის შემადგენელი ნაწილია“.

2014 წლის 16 მარტს ყირიმში მოსკოვის ინიცირებით ჩატარდა ე.წ. რეფერენდუმი „ყირიმის სტატუსის“ შესახებ, რის შემდეგაც რუსეთმა უკრაინის რეგიონის ანექსია მოახდინა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე