სააკაშვილის ფანჯარასთან დგას მანქანა, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს, რაც იწვევს ფსიქიკურ აშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვილს - გიორგი ჩალაძე

საქართველო, თბილისი - 20:47 | 28.11.2021
ნანახია: 367

ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ჩალაძის თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფანჯრებთან დგას მანქანა, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს. ჩალაძის თქმით, ეს გამოსხივება იწვევს ფსიქიკურ აშლილობას, ჯანმრთელობის პრობლემებსა და სიკვილსაც კი. აღნიშნულ მანქანას სპეცსამსახურები მობილური და სხვა საკომუნიკაციო სიხშირის ჩასახშობად იყენებენ, თუმცა მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები ირწმუნებიან, რომ მოწყობილობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.

"ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ფანჯარასთან აყენია მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს. ჩვენი მთავრობისთვის გასაგებ ენაზე, რუსულად ე.წ სისტემა "კუპოლი", ანუ გუმბათი. მისი გამოსხივება მინიმუმ 100 მეტრის რადიუსით სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემო მყოფს. იწვევს სისხლის გათეთრებიდან დაწყებული ფსიქოლოგიური აშლილობით დამთავრებული. ჩვენი კადრებით, ერთ კილომეტრზეა დაფიქსირებული ეს გამოსხივება. ეს იწვევს ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს. ამას შეუძლია მოკლას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ამას შეუძლია მოკლას ყველა, ვინც ამ ფანჯრებთან, ამ მანქანასთან 100 მეტრის რადიუსში იმყოფება,– თქვა გიორგი ჩალაძემ, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალთან იმყოფებდა.

გიორგი ჩალაძემ სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე