ისრაელი უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საზღვრებს ხურავს

საქართველო, თბილისი - 15:19 | 28.11.2021
ნანახია: 296

ისრაელის ხელისუფლებამ, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი "ომიკრონი" შტამის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საზღვრები დახურა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უმეტესობისთვის და შემოიღო დამატებითი შეზღუდვები.

ახალი რეგულაციები ძალაში 28 ნოემბრის საღამოდან შევა.

ამ დროისთვის, ისრაელში "ომიკრონით" ინფიცირების 1 შემთხვევაა დადასტურებული. იკვლევენ კიდევ შვიდი პაციენტის ანალიზებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალი რეგულაციების თანახმად, ისრაელში ჩასულ ნებისმიერ პირს, მათ შორის ვაქცინირებულებსაც, სამდღიანი კარანტინის დაცვა მოეთხოვებათ. მგზავრებს ტესტირება აეროპორტში ჩაუტარდებათ. არავაქცინირებული ისრაელის მოქალაქეებისთვის საკარანტინო პერიოდი 7-დღიანი იქნება.

მანამდე ისრაელის ხელისუფლებამ შეზღუდვები დაააწესა აფრიკის სამხრეთ რეგიონზე, სადაც ფართოდ ვრცელდება კორონავირუსის ახალი შტამი. აფრიკის მრავალი ქვეყანა, უპირველეს ყოვლისა, კონტინენტის სამხრეთით მდებარე, ისრაელმა შეიყვანა ეგრეთ წოდებულ "წითელ სიაში".

კორონავირუსის ახალი შტამი B.1.1.529, რომელსაც მოგვიანებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ "ომიკრონი" უწოდა, თავდაპირველად ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გავრცელდა. მალევე, ომიკრონის შემთხვევები დაფიქსირდა ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიაში, ბელგიაში, ჩეხეთში, ისრაელსა და ჰონგ კონგში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის "ომიკრონი" შტამი "შემაშფოთებელ" ვარიანტთა ნუსხაში შეიტანა. ახალი შტამის გავრცელების ფონზე, ქვეყნები სამოგზაურო შეზღუდვებს აწესებენ სამხრეთ აფრიკის რეგიონში მდებარე ქვეყნებისთვის. ცოტა ხნის წინ, სამოგზაურო რეგულაციები დააწესა საქართველომაც.

მეცნიერთა თქმით, ახალი ვარიანტის მუტაციის რაოდენობა შემაძრწუნებელია. კორონავირუსის არც ერთი წინა ვარიანტი ასე ინტენსიურად არ მუტირებდა. მათივე თქმით, ის ძლიერ განსხვავდება ყველა წინამორბედისგან.

ზოგიერთმა ექსპერტმა უკვე გამოთქვა შეშფოთება, რომ ანტისხეულები შეიძლება კარგად ვერ გაუმკლავდნენ ახალ შტამს და ვაქცინები შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს. თუმცა, ჯერ კიდევ არ არსებობს მყარი სამეცნიერო მტკიცებულება, თუ რამდენად აგრესიულია ვირუსის ეს ვარიანტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე