"ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევები ავსტრალიაშიც დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 15:07 | 28.11.2021
ნანახია: 305

კორონავირუსის ახალი "ომიკრონი" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა ავსტრალიაში. იუწყება ავსტრალიის სამხრეთ უელსის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტი.

უწყების ინფორმაციით, ახალი შტამი სიდნეიში სამხრეთ აფრიკიდან 27 ნოემბერს ჩასულ ორ მგზავრს დაუდასტურდა. ორივე მათგანი უსიმპტომოა.

მანამდე ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრმა გრეგ ჰანტმა განაცხადა, რომ ქვეყანა 14 დღით შეაჩერებს ფრენებს სამხრეთ აფრიკის ცხრა ქვეყნიდან ახალი ომიკრონის კორონავირუსის შტამის გავრცელების ფონზე.

კორონავირუსის ახალი შტამი B.1.1.529, რომელსაც მოგვიანებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ "ომიკრონი" უწოდა, თავდაპირველად ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გავრცელდა. მალევე, ომიკრონის შემთხვევები დაფიქსირდა ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიაში, ბელგიაში, ჩეხეთში, ისრაელსა და ჰონგ კონგში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის "ომიკრონი" შტამი "შემაშფოთებელ" ვარიანტთა ნუსხაში შეიტანა. ახალი შტამის გავრცელების ფონზე, ქვეყნები სამოგზაურო შეზღუდვებს აწესებენ სამხრეთ აფრიკის რეგიონში მდებარე ქვეყნებისთვის. ცოტა ხნის წინ, სამოგზაურო რეგულაციები დააწესა საქართველომაც.

მეცნიერთა თქმით, ახალი ვარიანტის მუტაციის რაოდენობა შემაძრწუნებელია. კორონავირუსის არც ერთი წინა ვარიანტი ასე ინტენსიურად არ მუტირებდა. მათივე თქმით, ის ძლიერ განსხვავდება ყველა წინამორბედისგან.

ზოგიერთმა ექსპერტმა უკვე გამოთქვა შეშფოთება, რომ ანტისხეულები შეიძლება კარგად ვერ გაუმკლავდნენ ახალ შტამს და ვაქცინები შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს. თუმცა, ჯერ კიდევ არ არსებობს მყარი სამეცნიერო მტკიცებულება, თუ რამდენად აგრესიულია ვირუსის ეს ვარიანტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე