ზოგიერთი მაჩვენებელი უკვე მოდის ნორმაში. კრიტიკული პერიოდი გავლილია - ელენე გიორგაძე სააკაშვილზე

საქართველო, თბილისი - 20:47 | 25.11.2021
ნანახია: 334

მე, როგორც ენდოკრინოლოგი, ვარ კმაყოფილი, რასაც მე ველოდებოდი, დღესდღეობით ეს მიღებული მაქვს, - ამბობს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრი, ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე.

მისი განცხადებით, სააკაშვილთან მიმართებით კრიტიკული რეჟიმი გავლილია, ახლა არის ჩვეულებრივი კვების გაფართოების რეჟიმი.

„საერთო ცილა ნორმის ფარგლებშია. ზოგიერთი მაჩვენებელი უკვე მოდის ნორმაში. კალორაჟიც გაფართოვდა, რაციონიც გაფართოვდა. ნელ-ნელა შემოდის სხვადასხვა პროდუქტები კვებაში. მადლობა ღმერთს, ჯერ მისი ორგანიზმი გვაძლევს ამის საშუალებას და მივდივართ მშვიდად. არანაირი გართულებები კვებასთან დაკავშირებით არ გვქონდა. კრიტიკული პერიოდი გავლილია, ახლა არის ჩვეულებრივი კვების გაფართოების რეჟიმი. ვცდილობთ, ცოტა ხანში იყოს ნორმალური ფიზიოლოგიური კვება. მე ხშირად მაქვს მასთან კომუნიკაცია. მასთან შესვლას არავინ მიზღუდავს.

კვლევები ტარდება, ყველა ანალიზი იყო დილით აღებული, შემდეგ იყო თვალის ექიმი და ყოველდღე მოდის ნევროლოგი. ყოველდღე აქ ვარ გვიანობამდე, ყველაფერს ვესწრები, კვებას, ანალიზების გაკეთებას, თითოეული პროდუქტის დამატება ხდება მასთან შეთანხმებით, რადგან პირველ რიგში მე მჭირდება, რომ გამომყვეს პაციენტი. მე, როგორც ენდოკრინოლოგი, ვარ კმაყოფილი, რასაც მე ველოდებოდი, დღესდღეობით ეს მიღებული მაქვს“, – განაცხადა ელენე გიორგაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე