დავით ბალაძემ ფილ ანდრეოპულოსთან ერთად ბათუმში Courtyard Marriott-ის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა

საქართველო, თბილისი - 16:14 | 11.02.2016
ნანახია: 1406

 

Marriott International-ის ევროპის რეგიონის  ფრანჩიზის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი ფილ ანდრეოპულოსი ბათუმს სტუმრობს.

ანდრეოპულოსმა დღეს ბათუმში სასტუმრო Courtyard Marriott-ის მშენებლობის პროცესი მოინახულა. უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმში Marriott-ის მაღალჩინოსნის ვიზიტი Marriott International-სა და შპს „ალიანს“ შორის, 2015 წლის დეკემბერში ციურიხში წარმატებით გაფორმებული ფრანშიზის ხელშეკრულების გაგრძელებას წარმოადგენს.

ცნობილია, რომ სასტუმრო 150 სასტუმრო ნომრიანი Courtyard Marriott-ი ALLIANCE PALACE-ს 41 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის 6 სართულზე განთავსდება. სასტუმრო შესრულებული იქნება Courtyard-ის დიზაინის მიხედვით და შესაბამისობაში იქნება სასტუმრო ინდუსტრიის ყველაზე მაღალ სტანდარტებთან, რომლებსაც უკვე მრავალი წელია წარმატებით აკმაყოფილებს მერიოტ ინტერნეშენალი.

„ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ბათუმი და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ქალაქის არქიტექტურამ და პოტენციალმა. როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის 18 დეკემბერს ჩვენ გავაფორმეთ ფრანშიზის ხელშეკრულება ჩვენს ადგილობრივ პარტნიორთან შპს ალიანსთან, რომლის თანახმად, ბათუმში, ჩვენი სასტუმრო ბრენდი ქორთიარდ მერიოტი, ალიანს პალასის მრავალფუნქციურ კომპლექსში განთავსდება. მე კმაყოფილი ვარ სამშენებლო ობიექტითა და მიმდინარე სამუშაოებით.

ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია აჭარის რეგიონში. მე ძალიან მომწონს ექსკლუზიური არქიტექტურა რომელიც ქართველი დიზაინერების მიერ არის შექმნილი, და წარმატებებს ვუსურვებ ამ პროექტს“ - განაცხადა ფილ ანდრეოპოლუსმა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე აცხადებს, რომ ბათუმში ახალი კომპლექსის მშენებლობით, რეგიონის საინვესტიციო პორთფელს 40 მლნ დოლარი დაემატება.

„ბათუმში მალე კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი Courtyard Marriott-ი შემოდის, რაც რეგიონისთვის ნამდვილად დიდი წარმატებაა. Sheraton-ის, Radisson-ის, Hilton-ისა და სხვა წამყვანი საერთაშორისო ბრენდების შემდეგ, ჩვენს საინვესტიციო პოლიტიკას კიდევ ერთი მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდი უცხადებს ნდობას, რაც რა თქმა უნდა ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა.

ეს ყველაფერი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რეგიონის ეკონომიკა სწორი მიმართულებით, თანამედროვე სტანდარტებით ვითარდება. მოხარული ვარ, რომ დღეს კომპანიის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი სტუმრობს ბათუმს. ჩვენ გავეცანით სამშენებლო პროცესს და ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის პერპექტივებზე.

გარდა იმისა რომ პროექტი აჭარაში 40 მლნ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს, Courtyard Marriott-ის შემოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აჭარა წლიდან წლამდე იზრდება და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი დინამიურად განვითარებადი რეგიონია, რომლისადმი ინტერესი მუდმივად იზრდება.

რა თქმა უნდა თითოეული მსგავსი პროექტი სამუშაო ადგილების გაჩენას უწყობს ხელს, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მშენებლობის პროცესში ჯამში 1200, ოპერირების ეტაპზე კი 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

წარმატებებს ვუსურვებ შპს „ალიანსს“ ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში. ჩვენ მზად ვართ გვერდში დავუდგეთ თითოეულ ინვესტორს და შევუქმნათ ყველა პირობა,რომ თავისუფლად განახორიცელონ თავიანთი ბიზნეს პროექტები“, აღნიშნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ.

„ალიანსის“ დირექტორის, აკაკი სონგულიას განმარტებით კი , აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ქართული არქიტეკტურის და საერთაშორისო ბრენდის დიზაინის ელემენტების უნიკალურ და ექსკლუზიურ შერწყმას.

„41 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს Marriott International-ს გამორჩეულ ბრენდს Courtyard Marriott-ს, რომელიც პირველ 6 სართულზე განთავსდება. კომპლექსის დანარჩენი სართულები დაეთმობა საცხოვრებელ პრემიუმ კლასის აპარტამენტებს. კომპლექსში შესაბამისობაში იქნება ყველა საერთაშორისო სტანდარდთან არა მხოლოდ მშენებლობისა და გამოყენებული მასალების ხარისხით, არამედ იმ მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის ხარისხით რასაც კომპლექსი თავის სტუმრებს და მაცხოვრებლებს შესთავაზებს. ჩვენ კმაყოფილები და ამაყები ვართ იმ გარემობით, რომ ფილი ესტუმრა სამშენებლო ობიექტს და მოხარულია მიმდინარე სამუშაოების პროგრესით“ - განაცხადა „ალიანსის“ დირექტორმა აკაკი სონგულიამ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს, „ალიანს ჯგუფსა“ და Marriott International-ს შორის გაფორმდა ფრანშიზის ხელშეკლერულება რომლის თანახმად, Courtyard Marriott-ი ალიანს პალასის პირველ 6 სართულზე განთავსდება. სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 30 თვე გაგრძელდება.

კომპლექსი უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი რესეფშენითა და კონსიერჟის სერვისით, დაცვით, დასუფთავების მომსახურებით და ასევე მაღალი კლასის ინფრასტრუქტურით ღია და დახურული საცურაო აუზებით, რესტორნებით, ფიტნეს ცენტრით, კაზინოთი და მრავალი სხვა.

ALLIANCE PALACE-ს მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ თავისი აპარტამენტები სამართავად საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანიას გადასცენ. თავის მხრივ ALLIANCE PALACE-ი 40 ათას კვ/მ საცხოვრებელ ფართს გააერთიანებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე