პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე დაბანაკებულმა მიგრანტებმა თოვლი პირველად იხილეს

საქართველო, თბილისი - 13:57 | 23.11.2021
ნანახია: 412

მიგრანტებმა, რომლებიც პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე იმყოფებიან, თოვლი პირველად იხილეს.

ბელარუსული მედიის ცნობით, მიგრანტები თოვლს ფოტოებს უღებენ და მას გემოთიც კი სინჯავენ, ბავშვები კი თამაშობენ და თოვლისგან სხვადასხვა ფიგურას ამზადებენ.

პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან რამდენიმე კვირაა იმყოფებიან და ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობენ.  

საზღვარზე კრიზისი 8 ნოემბერს გამწვავდა. რამდენიმე ათასი ადამიანი ბელარუსის მხრიდან პოლონეთის საზღვარს მიაწყდა. ზოგიერთმა მათგანმა პოლონეთის ტერიტორიაზე მოხვედრა სცადა და გაარღვია ეკლიანი მავთულხლართები. დაპირისპირების შედეგად დაშავდა 20-მდე პოლონელი მესაზღვრე. მიგრანტებს ამ დრომდე პოლონეთის საზღვართან კარვები აქვთ გაშლილი და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

ევროკავშირი მინსკს კრიზისის განზრახ ესკალაციაში ადანაშაულებს. ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ამ სიტუაციაში დამნაშავე თავად დასავლეთის ქვეყნებია, რომელთა ქმედებების გამო ადამიანები ომს გაურბიან და ევროპაში მოხვედრას ცდილობენ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ გნაცხადა, რომ მთავრობა მიგრაციული კრიზისის ფონზე მზად არის ბელარუსის მიმართ სანქციები გაამკაცროს, მათ შორის სრულად ჩაკეტოს სასაზღვრო პუნქტები ბელარუსიდან სატვირთო გადაზიდვების შეწყვეტის მიზნით.

ევროკავშირმა მიგრანტების კრიზისის გამო ბელარუსის წინააღმდეგ სანქციათა ახალი პაკეტი მოამზადა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე