CNN: აშშ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო, დამატებით შეიარაღების გაგზავნას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 13:01 | 23.11.2021
ნანახია: 525

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში თავისი მრჩევლების, ასევე დამატებითი შეიარაღების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. ამის მიზეზი უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების კონცენტრაციაა. ინფორმაციას ტელეარხი CNN ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-ის ინფორმაციით, აშშ უკრაინაში ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების Javelin-სა და ნაღმტყორცნების გაგზავნას გეგმავს. ასევე განიხილება გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების Stinger-სა და მი-17-ის ტიპის ვერტმფრენების გაგზავნა, რომლებიც თავდაპირველად ავღანეთის არმიისთვის იყო განკუთვნილი.

ამასთან, CNN-ისვე ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაციის ზოგიერთი თანამდებობის პირი გამოთქვამს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი შეიარაღების მიწოდებას ვაშინგტონის მიერ სიტუაციის ესკალაციის მცდელობად შეაფასებს. ამ პირობებში გაურკვეევლია, ჩავლენ თუ არა უკრაინაში სამხედრო მრჩევლები, რომელთა გაგზავნასაც რეგიონში  ვაშინგტონი გეგმავს.

ტელეარხმა ასევე მიიღო ცნობები, რომ ამერიკული მხარე აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპელ პარტნიორებთან ახალი სანქციების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრება.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების დაზვერვამ გააფრთხილა მოკავშირეები, რომ ცოტა დროა იმისთვის, რათა შეიმუშაონ ეკონომიკური და სამხედრო ზომების პაკეტი, რომელიც შეაკავებს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განხორციელების გეგმებისგან.

21 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი 2022 წლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საზღვრებთან 100 ათასამდე რუსი სამხედრო იმყოფება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე