საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრას უკიდურესად მძიმე შედეგები მოჰყვება

საქართველო, თბილისი - 18:03 | 22.11.2021
ნანახია: 363

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში "უკიდურესად სერიოზული შედეგების შესახებ". ამის შესახებ მან კვირას რადიოსადგურ RTL-ის ეთერში განაცხადა.

ლე დრიანის თქმით, საფრანგეთი შეშფოთებულია რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინის საზღვრებთან კონცენტრაციით.

"უკრაინის საზღვრის ნებისმიერი დარღვევისა და ნებისმიერი შეჭრის შემთხვევაში" დადგება "უკიდურესად სერიოზული შედეგები", - განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში დაჩქარდა პუტინის რეჟიმის "ავტორიტარიზმისკენ სვლა". ამ კონტექსტში მან განსაკუთრებით შემაშფოთებლად რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის გაძლიერებული რეპრესიები მიიჩნია.

"პუტინს სურს საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნება და არ სურს მეზობლად ძლიერი და ერთიანი ევროპის ხილვა", - განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ რუსეთი რჩება ევროპის მეზობლად - "ზოგჯერ აუტანელ მეზობლად", რომელთანაც ამა თუ იმ გზით საჭიროა "დიალოგის შენარჩუნება".

ცოტა ხნით ადრე, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 15 ნოემბერს ბრიუსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებაში დაადასტურეს, რომ რუსეთის ნებისმიერ მცდელობას, შეარყიოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, მძიმე შედეგები მოჰყვება.

16 ნოემბერს, საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრისას, ემანუელ მაკრონმა უთხრა ვლადიმირ პუტინს, რომ საფრანგეთი დაიცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების დაზვერვამ გააფრთხილა მოკავშირეები, რომ ცოტა დროა იმისთვის, რათა შეიმუშაონ ეკონომიკური და სამხედრო ზომების პაკეტი, რომელიც შეაკავებს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განხორციელების გეგმებისგან.

21 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი 2022 წლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე