ვარდების რევოლუციის გმირი გისოსებს მიღმა წევს, საზოგადოების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა გახდეს - გიული ალასანია

საქართველო, თბილისი - 14:13 | 22.11.2021
ნანახია: 304

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის დედამ სამხედრო ჰოსპიტალი უკვე დატოვა, სადაც მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მკურნალობას გადის. გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა ზოგადად მაინც სუსტად გრძნობს თავს:

"მე რაც დავინახე უჭირს სიარული, კუნთების პრობლემა აქვს, სუსტად არის, რეაბილიტაციას დასჭირდება საკმაო დრო როგორც ჩანს. ეს ექიმები და პერსონალი ძალიან მომეწონა და კმაყოფილი ვარ”, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ექსპრეზიდენტის დედის თქმით, საზოგადოებამ უნდა გაიხსენოს 23 ნოემბერი და მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობა ამ მხრივაც შეაფასოს. გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება საზოგადოების მოთხოვნა უნდა გახდეს.

"გაიხსენეთ, რა დღე არის ხვალ. როცა „ვარდების რევოლუციის“ გმირი გისოსებს მიღმა წევს და ფანჯარას აქვს გისოსები, ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი.

სტაციონალურ განყოფილებაში წევს, ოთახი პატარაა, მაგრამ მეტი შესაძლებლობა ამ კლინიკაში ალბათ, არაა. სარკმლის გაღების შესაძლებლობა მისცეს. სარკმელი გაღებულია, მაგრამ მასზე არის გისოსები, რაც ძალიან დამთრგუნველია. ხვალინდელ თარიღთან დაკავშირებით, ეს მით უმეტეს დამთრგუნველია და არაბუნებრივია სრულიად.

ჩვენ, როგორც საზოგადოება, რას ვფიქრობთ ამაზე, არის ეს ნორმალური? მე საერთოდ თავისუფლებაზე ვილაპარაკე. ექიმები აკეთებენ ყველაფერს. არაფერი არ დამაბარა, რაღაცებს ფიქრობს თავისთვის. აქ პირობები, იმასთან შედარებით, რაც იყო, უკეთესია, რა თქმა უნდა.

ჩემი სურვილი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაა და საზოგადოების მოთხოვნაც ასეთი უნდა იყოს. მარაზმში ვართ გადასულები“,- განაცხადა გიული ალასანიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე