მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, გართულებები არ აქვს - ექიმი

საქართველო, თბილისი - 21:26 | 21.11.2021
ნანახია: 313

მთავრობის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრის, ექიმ ელენე გიორგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც მან აღნიშნა, მთელი დღის განმავლობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა და სააკაშვილის მდგომარეობას აკვირდებოდა.

„ადამიანი როდესაც წყვეტს შიმშილობას, პირველი სამი დღე ითვლება კრიტიკულად. მერე ორი დღე არის საყურადღებო. დღეს მეორე დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. მთელი დღე აქ ვიყავი. ეს დღე გავიარეთ მშვიდად. მისი მდგომარეობა არის სტაბილური. გუშინ ჰქონდა წნევები. დღეს წნევა ჰქონდა სტაბილური, არც ერთხელ არ დაგვჭირდა არანაირი პრეპარატის დამატება. დღეს აქ არის მისი პირადი ექიმი, რომელსაც გაცილებით მეტი უფლება აქვს ინფორმაციის გაცემის“,- განაცხადა ელენე გიორგაძემ.

გიორგაძის თქმით, პაციენტს გართულებები არ აქვს.

„კვების პროგრამა ინდივიდუალურად დგინდება. ყველაზე მეტად გვეშინოდა პირველი სამი დღის. გართულებები ახლა ნამდვილად არ აქვს. შეიძლება ერთ ადამიანს, რომელიც ამთავრებს შიმშილობას, აბსოლუტურად არ მოუხდეს ის პროგრამა, რომელიც უხდება აი, ამ კონკრეტულ ადამიანს. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არ მივიღოთ გართულება.

პირველივე დღიდან ექიმების მიმართ პაციენტის დამოკიდებულება არის არაჩვეულებრივი, ძალიან დიდი პატივისცემით არის და ნამდვილად მასთან არც ერთხელ არ გამჭირვებია კომუნიკაცია. მთავარია, ამ ადამიანს აუხსნა, რატომ და რისთვის კეთდება, მერე რომც არ მოსწონდეს რასაც აკეთებს, მაინც მოგყვება. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან თუ არ მოგყვება პაციენტი, უფრო რთულია, რომ გამოუსწორო მდგომარეობა“,- განაცხადა გიორგაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე