უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 2022 წლის დასაწყისში რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება

საქართველო, თბილისი - 18:45 | 21.11.2021
ნანახია: 523

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული ჰყავს 92 ათასი სამხედრო და 2022 წლის იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში თავდასხმისთვის ემზადება.

 „ჩვენი შეფასებები თითქმის ისეთივეა, როგორიც ჩვენს ამერიკელ კოლეგებს აქვთ“, - განაცხადა ბუდანოვმა Military Times-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, თავდასხმა მოიცავს ავიადარტყმებს, საარტილერიო და ჯავშანსატანკო იერიშებს, რომლებსაც მოყვება საჰაერო-სადესანტო შეტევები ქვეყნის აღმოსავლეთით, სადესანტო იერიშები ოდესასა და მარიუპოლში და მცირე შეჭრა მეზობელი ბელარუსის გავლით.

დაზვერვის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მანამდე ჩატარებულმა რუსულმა სამხედრო წვრთნებმა „დასავლეთი-21“ აჩვენა, რომ რუსეთს შეუძლია ერთდროულად გადასხას 3 500-მდე დესანტი და სპეციალური ოპერაციების სამხედრო მოსამსახურე.

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ იერიშებს წინ წაუძვება ფსიქოლოგიური ოპერციები, რომელიც ამ დროისთვს უკვე მიმდინარეობს, რათა გამოიწვიოს უკრაინის დესტაბილიზაცია და ძირი გამოუთხაროს მის დაცვისუნარიანობას.

დაზვერვის ხელმძღვანელი ასევე დარწმუნებულია, რომ პოლონეთსა და ბელარუსს შორის არსებული მიგრაციული კრიზისი რუსეთის მიზნის ნაწილია.

ბუდანოვი ამბობს, რომ აშშ-ს შეუძლია შეაჩეროს ნებისმიერი რუსული თავდასხმა დამატებითი სამხედრო დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების, ასევე რუსული საბანკო ანგარიშების დაბლოკვის ხარჯზე.

მისი თქმით, უკრაინა ეძებს ანტისაჰაერო, ანტისარაკეტო და უპილოტო დაცვის დამატებით სისტემებს.

 „არც ერთ ქვეყანას უკრაინის გარდა, არ აქვს ღია ომი რუსეთთან. ჩვენ უკვე შვიდი წელია ამ ომში ვართ. აი, რატომ ვართ დარწმუნებულნი, რომ აშშ-მა უნდა მოგვცეს ყველაფერი, რაც ადრე არ მოუცია და სწორედ ახლა არის ამის შესაფერისი დრო, რადგან მერე უკვე გვიან იქნება“, - განაცხადა ბუდანოვმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე