პოლონეთი ბელარუსის საზღვრის სრულად ჩაკეტვას არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 14:56 | 21.11.2021
ნანახია: 394

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ მთავრობა მიგრაციული კრიზისის ფონზე მზად არის ბელარუსის მიმართ სანქციები გაამკაცროს, მათ შორის ჩაკეტოს სასაზღვრო პუნქტები ბელარუსიდან სატვირთო გადაზიდვების შეწყვეტის მიზნით.

ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ბელარუსი არალეგალ მიგრანტებს ცოცხალ ფარად იყენებს და ხელოვნურად ამწვავებს ენერგეტიკულ კრიზისს.

 „ეს არის ჰიბრიდული ომი, ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე ზეწოლა სულ უფრო იზრდება“, - აღნიშნავს მორავეცკი.

მისი თქმით, განსაკუთრებულ შეშფოთებას აჩენს ბელარუსის საზღვარზე შექმნილი ვითარება, სადაც ბელარუსი სამხედროების ქმედებებმა, შესაძლოა, სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება გამოიწვიოს.

მისი თქმით, ბელარუსის ხელისუფლება სულ უფრო და უფრო ხელს უშლის ერაყისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან ჩასულ მიგრანტებს, დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში. სამხედროები კი მათ მოუწოდებენ ცივი იარაღით თავს დაესხან პოლონელ მესაზღვრეებს.

მინისტრის აზრით, მიგრანტების კრიზისი ბელარუსის საზღვარზე ბოლო 30 წლის განმავლობაში, ევროპაში დესტაბილაზაციის ყველაზე მსხვილმასშტაბიანი მცდელობაა.

ბელარუსი-პოლონეთის საზღვართან კრიზისი 8 ნოემბერს გამწვავადა. რამდენიმე ათასი ადამიანი ბელარუსის მხრიდან პოლონეთის საზღვარს მიაწყდა. ზოგიერთმა მათგანმა პოლონეთის ტერიტორიაზე მოხვედრა სცადა და გაარღვია ეკლიანი მავთულხლართები. დაპირისპირების შედეგად დაშავდა 20-მდე პოლონელი მესაზღვრე. მიგრანტებს ამ დრომდე პოლონეთის საზღვართან კარვები აქვთ გაშლილი და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

ევროკავშირი მინსკს კრიზისის განზრახ ესკალაციაში ადანაშაულებს. ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ამ სიტუაციაში დამნაშავე თავად დასავლეთის ქვეყნებია, რომელთა ქმედებების გამო ადამიანები ომს გაურბიან და ევროპაში მოხვედრას ცდილობენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე