New York Times: აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ ცოტა დრო რჩება უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად

საქართველო, თბილისი - 16:39 | 20.11.2021
ნანახია: 344

აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლები მოკავშირეებს აფრთხილებენ იმის შესახებ, რომ ძალიან ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ რუსეთს ხელი შეუშალონ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრაში. ამის შესახებ გაზეთი New York Times ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

როგორც ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირები ამტკიცებენ, რუსეთს ჯერ არ აქვს გეგმა ჯართან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის საზღვრებთან შეკრიბა, თუმცა აშშ ამ პროცესებს სერიოზულად ეკიდება.

 „ამერიკის დაზვერვის წარმომადენელბი მოკავშირეებს აფრთხილებენ, რომ ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ რუსეთს უკრაინის საწინააღმდეგო ქმედებებში და ევროპის ქვეყნებს აშშ-სთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ მოსკოვის შესაჩერებლად ეკონომიკური და სამხედრო ზომების პაკეტების შემუშავებისათვის“, - ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ს ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ევრილ ჰეინსი იმყოფებოდა ბრიუსელში, რათა ინფორმაცია მიეწოდებინა ნატო-ს ქვეყნების ელჩებისთვის უკრაინაში რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიის შესახებ.

კიევი და დასავლეთის ქვეყნები გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების გადაადგილების შესახებ. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საზღვრებთან 100 ათასამდე რუსი სამხედრო იმყოფება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე