აშშ-ის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო კაილი რითენჰაუსი, რომელმაც 2020 წლის არეულობების დროს ორი ადამიანი მოკლა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 20.11.2021
ნანახია: 339

ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს კაილი რითენჰაუსი, რომელმაც 2020 წელს აშშ-ში არეულობების დროს ორი ადამიანი მოკლა, ერთი კი დაჭრა. მსაჯულებმა კაილი ბრალდების ყველა მუხლის მიხედვით უდანაშაულოდ აღიარეს. იუწყება Axios.

რითენჰაუსმა გასულ წელს ვისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში, იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა არეულობის მონაწილეებს, რომლებიც მას თავს დაესხნენ. ერთ-ერთი თავდამსხმელი შეიარაღებული იყო. რითენჰაუსი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით პოლიციას ჩაბარდა.

სასამართლოში ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ რითენჰაუსი თავდაცვის ფარგელბში მოქმედებდა. კაილის თქმით, არეულობების ფონზე, კენოშაში ის ხალხის დასაცავად და მათთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად ჩავიდა. რითენჰაუსის ფეისბუქის გვერდზე უხვად იყო პოლიციის და ასევე პროპოლიციური მოძრაობა Blue Lives Matter-ის მხარდამჭერი პოსტები, რომელიც ანტირასისტული Black Lives Matter-ის საპირწონედ შეიქმნა. ამასთან, გამოძიებამ აღმოაჩინა ფოტოსურათები, სადაც კაილი აღბეჭდილია პოლიციის ფორმითა და ცეცხლსასროლი იარაღით. გაირკვა, რომ მას გავლილი ჰქონდა ადგილობრივ პოლიციასა და სახანძრო დეპარტამენტში მომზადების კურსები.

ამერიკელი აქტივისტების ნაწილმა გამამართლებელი განაჩენი გააპროტესტა და განაცხადა, რომ ეს ცხადყოფს აშშ-ის სასამართლო სისტემაში არსებულ რასიზმს.

პროტესტები, რომელსაც ახლდა უწესრიგობები, მაროდიორობა და ვანდალიზმი, 23 აგვისტოს დაიწყო. იმავე დღეს პოლიციის პარტულმა, რომელიც გამოძახების შემდეგ ადგილზე მივიდა, 29 წლის აფროამერიკელ ჯეიკობ ბლეიკს ზურგში ესროლა. ჯეიკობი ავტომობილთან იდგა, სადაც მისი სამი შვილი იმყოფებოდა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ჯეიკობს დაუზიანდა ხერხემალი, პარალიზებულია და საეჭვოა, რომ ოდესმე სიარულს შეძლებს.

ქალაქში არეულობა დაიწყო, რის გამოც ვისკონსინის შტატის გუბერნატორმა ტონი ივერსმა კენოშაში 500 გვარდიელი გაგზავნა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ქალაქში გამოძიების ფედერალური ბიუროს კიდევ 200 აგენტი და ძალოვანი უწყებების თანამშრომლები გაგზავნა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე