ექიმები იყვნენ ბულინგის მსხვერპლნი - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 19:40 | 19.11.2021
ნანახია: 428

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კონსილიუმის ექიმები და სხვა მედიკოსები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში, ბულინგის მსხვერპლნი გახდნენ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონსილიუმების წევრებს და იმ ექიმებს, რომლებიც სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ.

"მე მინდა მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ექიმს, რომელიც მონაწილეობდა იმ შექმნილ კონსილიუმებში. მათი როლი იყო მნიშვნელოვანი, ასევე, მადლობა უნდა გადავუხადო ყველა იმ ექიმს, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული მკურნალობის პროცესში, მათ ნამდვილად აიღეს მაღალი პასუხისმგებლობა, გამოიჩინეს პროფესიონალიზმი და განვლეს ძალიან რთული გზა, ვინაიდან ისინი იყვნენ ბულინგის მსხვერპლნი და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ ექიმის პროფესია არის ძალიან რთული პროფესია, ჩვენ არ ვარჩევთ პაციენტს და ყოველთვის ვიღებთ გადაწყვეტილებებს პაციენტის სასარგებლოდ და მნიშვნელოვანია, რომ ექიმის ხელშეუხებლობა იყოს დაცული და ეს გათვალისწინებული უნდა იყოს სამომავლოდაც",- თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე