საქართველოს საავიაციო ბაზარის ლიდერი ისევ Turkish Airlines-ია

საქართველო, თბილისი - 15:39 | 10.02.2016
ნანახია: 1359

საქართველოს საავიაციო ბაზარს თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ი აკონროლებს, რომელიც 2015 წლის მონაცემებით ბაზრის 20 %-ის მფლობელია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2015 წელს Turkish Airlines-ი საქართველოს აეროპორტებში 434 ათას 904 მგზავრს მოემსახურა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Turkish Airlines-მა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბაზრის 2 %-ი დაკარგა, რადგანაც 2014 წლის მონაცემებით ავიაკომპანია ბაზრის 22 %-ის მფლობელი იყო.

სამაგიეროდ ბაზრის წილი 1 %-ით გაზარდა ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა, რომელიც გადაყვანილი მგზავრების რიცხოვნების მიხედვით მეორე ადგილზეა და სავიაციო ბაზრის 12 %-ის მფლობელია. 2015 წელს Georgian Airways-ი („აირზენა") 253 ათას 386 მგზავრს მოემსახურა.

Ukraine International Airlines-ი (flyuia) 2015 წელს საქართველოს აეროპორტებში მოემსახურა და დანიშნულების ადგილზე გადაიყვანა 212 ათას 106 მგზავრი, რაც საქართველოს აეროპორტებიდან გადაყვანილი მგზავრების 10 %-ია. 2014 წლის მონაცემებით, გადაყვანილი მგზავრების რიცხოვნობით, უკრაინული ავიაგადამზიდავი ბაზრის 9 %-ის მფლობელი იყო.
2015 წელს რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების 7%-ი თურქულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Pegasus Airlines-ზე მოდის. აღნიშნული ავიაკომპანია 2015 წელს საქართველოს აეროპორტებში 145 ათას 652 მგზავრს მოემსახურა. 2014 წელს ავიაკომპანია ბაზრის 6 %-ს აკონტროლებდა.

საქართველოს საავიაციო ბაზრის 5 %-ს ფლობს უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს.

ავიაკომპანია 2016 წელს ბაზრის წილის ზრდას შეეცდება, რადგანაც უკვე დაანონსებულია, რომ Wizz Air-ი ქუთაისიდან რამდენიმე ახალ მიმართულებას ამატებს.

მგზავრთგადაყვანის მიხედვით, საქართველოს აეროპორტებიდან გატარებული მგზავრების რაოდენობის მიხედვით, ბაზრის 4-4 %-ის მფლობელები არიან ავიაკომპანიები Belavia. Flydubai და 7 Siberia.

2015 წლის მონაცემებით, საქართველოს საავიაციო ბაზრის 3-3%-ის მფლობელები არიან: Lufthansa, Qatar Airways-ი, Atlasglobal-ი და Aeroflot-ი.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს საქართველოს აეროპორტების მიერ გატარებული მგზავრთა რაოდენობა 13 %-ით გაიზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები სულ 2 მლნ 261 ათას 6 მგზავრს მოემსახურა. ეს იმ ფონზე, როდესაც 2014 წლის მაჩვენებელი 2 მლნ 8 ათას 171 მგზავრს შეადგენდა. შესაბამისად 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, საქართველოს აეროპორტების მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა 12.59%-ითაა გაზრდილი, 2013 წელთან შედარებით კი ზრდა 23,30%-ია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე