10 თებერვალს, საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 14:44 | 09.02.2016
ნანახია: 1423

10 თებერვალს, სასტუმრო „Radisson Blu Iveria“-ში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, სადაც ჩეხური და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ პირისპირ გამართონ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ჩეხეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრი იან მლადეკი. საქართველოს მხრიდან ფორუმს გაუძღვება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.

ფორუმის ფარგლებში  გაიმართება მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ჩეხეთის სავაჭრო პალატას შორის.

ჩეხეთის დელეგაციის შემადგენლობაშია 31 კომპანიის  წარმომადგენელი, რომელთა მიზანია პარტნიორული ურთიერთობების დამყარება შესაბამის ქართულ კომპანიებთან. ფორუმს დაესწრება 85 ქართული კომპანია, დაგეგმილია 178 პირისპირ შეხვედრა ქართულ და ჩეხურ კომპანიებს შორის.

ჩეხეთის ბიზნეს დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: სარკინიგზო პროდუქცია/დანადგარები; საბანკო-საფინანსო სფერო; კონსალტინგი; ტრანსპორტი და ლოჯისტიკა; საკანალიზაციო სისტემები; ინფორმაციული ტექნოლოგიები; სამედიცინო ტურიზმი; მედიცინა; თაფლის დესერტები; GBB TV სისტემები; ფარმაცევტული საშუალებები; საკვები დანამატები; კოსმეტიკა; მშენებლობა; ელექტრო ლოკომოტივები და შესაბამისი სერვისები; ნავთობის და სპირტის გადამუშავებისთვის, ქარხნების, ქიმიური და კვების მრეწველობებისათვის საჭირო ტექნოლოგიები და დანადგარები; აღჭურვილობა საავადმყოფოებისათვის; საკანალიზაციო დანადგარები; წყლის დასუფთავებისათვის აუცილებელი მოწყობილობები; სპორტული მედლები, თასები და ჩირაღდნები და სხვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე