თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე მიემგზავრება

საქართველო, თბილისი - 18:46 | 08.02.2016
ნანახია: 1685

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, 10-11 თებერვალს თავდაცვის მინისტერიალი იმართება. მინისტერიალზე დასასწრებად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში ხვალ მიემგზავრება.

მინისტერიალის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. დაგეგმილია ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 28+1-ის ფორმატში, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი გახსნის. თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში უცხოელ კოლეგებთანაც გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.
„შესაძლებლობა გვექნება, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში შევიკრიბოთ. ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ ფორმატმა რეგულარული ხასიათი მიიღო. ბოლო სამი მინისტერიალია მუდმივმოქმედია. ეს კარგად აჩვენებს ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას. ბუნებრივია, ყველას ერთი და იგივე ამოცანა გვაქვს, რაც შეიძლება მეტად დააახლოვდეს ჩვენი შეიარაღებული ძალები, ერთი მხრივ, იყოს მაღალი თავსებადობა და, მეორე მხრივ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გამყარდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ოპტიმისტური გეგმები არსებობს ვარშავის სამიტისთვის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართულებით. სწორედ, ამ საკითხზე ვისაუბრებთ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

ბრიუსელიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად გაემგზავრება. „კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე ექნება გამოსვლა. ჩვენ ძალიან ბევრი ორმხრივი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი, როგორც ჩემს კოლეგებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე