შსს-ს საპატრულო პოლიციას INL-მა უახლესი მოდელის ბორტ-კომპიუტერები გადასცა

საქართველო, თბილისი - 17:07 | 08.02.2016
ნანახია: 1544

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯეიმს ვოლშს შეხვდა. შეხვედრას ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები და შს სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მჭიდრო ურთიერთობას. გიორგი მღებრიშვილმა და ჯეიმს ვოლშმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
შს მინისტრმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულთან, ტრეფიკინგთან, კიბერდანაშაულთან და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით INL-ის განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე საქართველოს შს სამინისტროს მიერ ინიცირებულ საგზაო მოძრობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიან პროგრამაზეც ისაუბრეს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი, რიგ საკანონმდებლო და სხვა ცვლილებებთან ერთად, საპატრულო პოლიციის შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვაა.
შეხვედრის შემდეგ ჯეიმს ვოლშმა და იან კელიმ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს INL-ის პროგრამის მიერ შეძენილი ბორტ-კომპიუტერები პირადად გადასცეს. საპატრულო პოლიციის ავტომანქანების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა მნიშვნელოვნად გაზრდის საპატრულო პოლიციის მუშაობის ეფექტურობას, ხელს შეუწყობს სამართალდარღვევებზე დროულ რეაგირებას და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე