პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 3 კანდიდატი შეარჩია

საქართველო, თბილისი - 17:03 | 08.02.2016
ნანახია: 1443

პრეზიდენტის ადმინისტაციაში  ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის შერჩევის მორიგი ეტაპი დღეს დასრულდა. ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების შეფასების შედეგად წარმოდგენილი 6 კანდიდატიდან სამმა ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. ეს კანდიდატებია - კობა გვენეტაძე, მაია მელიქიძე და  გიორგი ბაქრაძე.

კანდიდატები წინასწარ   შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა. ეს კრიტერიუმებია  - პროფესიული განათლება, პროფესიული კვალიფიკაცია და პოლიტიკური მიუკერძოებლობა.

შერჩევის პროცედურა ექსპერტებთან კონსულტაციებს და  ქულების ელექტრონულად მინიჭების პროცესს ითვალისწინებდა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის აღნიშნულ კანდიდატებს და ექსპერტთა მოსაზრებებს  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად,  დღეს წარუდგენს.

გიორგი აბაშიშვილმა შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაცია შეფასების პროცესში ჩართულ ექსპერტებს წერილობით  უკვე მიაწოდა და პროცესში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.

კანდიდატის შერჩევის პროცესი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების წარმომადგენლები.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე