2016 წლის იანვარი - თვითმმართველობების ფინანსური პრობლემების დასაწყისი

საქართველო, თბილისი - 12:14 | 08.02.2016
ნანახია: 1457

თვითმმართველობების გადაყვანას ახალ სახაზინო კოდებზე მათ საფინანსო საქმიანობას რისკის ქვეშ აყენებს. მთელი რიგი ხარჯების დაუფინანსებლობა ქვეყნის საფინანსო უწყებებისთვის მეტი დაფიქრებისა და „ნოვაციის“ კარგად გააზრების აუცილებლობის წინაშე აყენებს. ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა თავის გადარჩენა შესაძლოა 2015 წელიდან გადმოყოლილი „ნაშთის“ საფუძველზე მოახერხოს, თუმცა ვისაც „ნაშთი“ არ აქვს, მათ პროექტების დაფინანსება გაუჭირდებათ. მით უმეტეს, თუ ფინანსთა სამინისტრო „პოზიციას“ არ შეცვლის და პრობლემას დროულად არ დაარეგულირებს.

ექსპერტი, იურისტი ლევან ალაფიშვილი რეგიონის და ზოგადად მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის შეუსრულებლობას და არსებულ პრობლემებს ფინანსთა სამინისტრის კომპეტენციას უკავშირებს და აცხადებს, რომ გადასახადების ადმინისტრირება ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენცია და შესაბამისად რომელიმე დაგეგმილი პარამეტრის შეუსრულებლობა ფინანსთა სამინისტროს პასუხისმგებლობაა.

„ახალ სისტემაზე თვითმმართველობებისა და ავტონომიური რესპუბლიკის გადაყვანას ის მინუსი აქვს, რომ ხელყოფს მათ დამოუკიდებლობას, პირველ რიგში საბიუჯეტოს“, - აცხადებს ალაფიშვილი.

მისივე თქმით, რაც შეეხება 2016 წლის პირველი თვის მონაცემებს, ეს პირველ რიგში გადასახადების ადმინისტრირების უფლებამოსილების კონტექსტში უნდა იქნეს განხილული.

აჭარის ნაერთი ბიუჯეტი 21,9 %-ით, ხოლო რესპუბლიკური ბიუჯეტი 15,5%-ით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2016 წლის იანვარში აჭარის ა/რ ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 13 მლნ 74 ათას 800 ლარი იყო, თუმცა 1-ელი თებერვლის მდგომარეობით შესრულებამ 2 მლნ 861 ათას 500 ლარი შეადგინა. ანუ იანვრის გეგმა მხოლოდ 21,9 %-ით შესრულდა.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების მუხლი იანვარში მხოლოდ 3,7 %-ით არის შესრულებული, რაც თავის მხრივ საშემოსავლო (შესრულება მხოლოდ 3,2%) და ქონების (შესრულება მხოლოდ 29,2%) გადასახადში გეგმას შეუსრულებლობას უკავშირდება. იანვარში აჭარის ნაერთი ბიუჯეტის სხვა შემოსავლების მუხლი 87 %-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 487,9 %-ითაა შესრულებული, რაც თავის მხრივ ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან და მიწის გაყიდვიდან შემოსულ მზარდ შემოსულობებს უკავშირდება.

რაც შეეხება აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის იანვრის შესრულებას, ის მხოლოდ 15,5 %-ით შესრულდა.

საბიუჯეტო მონაცემების მიხედვით, იანვარში რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების მუხლი მხოლოდ 3,9 %-თ არის შესრულებული, რაც ნაერთი ბიუჯეტის მსგავსად, საშემოსავლო გადასახადის გეგმის 3,9 %-იან შესრულებას უკავშირდება. საანგარიშო პერიოდში, რესპუბლიკურ ბიუჯეტში ქონების გადასახადის გადახდა არ დაფიქსირებულა.

იანვარში აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლების მუხლი 100,1 %-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 242,9 %-ით არის შესრულებული.

რაც შეეხება თვითმართველ და მუნიციპალურ ერთეულებს: იანვარში ბათუმის ბიუჯეტი - 44,9 %-ით, ქობულეთის ბიუჯეტი - 35,3 %-ით, ხელვაჩაურის ბიუჯეტი - 31,4-ით, ქედას ბიუჯეტი - 17,9 %-ით, შუახევის ბიუჯეტი - 6,4 %-ით, ხოლო ხულოს ბიუჯეტი - 98,9 %-ით შესრულდა.

არსებული ვიტარების გათვალისწინებით, ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ საკუთარი შემოსავლების ადმინისტრირება-გადარიცხვისას ცენტრალურ ხელისუფლებას, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სახით, აქვს შესაძლებლობა არ შეასრულოს, ან უსაფუძვლოდ შეაყოვნოს და გადადოს ოპერაცია.

„გადასახადების შეკრება-ამოღების ადმინისტრირება არის ცენტრალური ხელისუფლების, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების კომპეტენცია, შესაბამისად რომელიმე დაგეგმილი პარამეტრის შეუსრულებლობა მისი პასუხისმგებლობაა: ან არასწორად, არარეალურად დაიგეგმა რაღაც, ან დაგეგმილი არ ან ვერ შესრულდა”, აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

მოკლედ, თვითმმართველობებს 2016 წლის იანვარში მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები შეექმნათ, რომელზეც ღიად არ საუბრობენ, მაგრამ ცხადია, რომ ტენდენციის ამ სახით გაგრძელება მნიშვნელოვნად შეაფერხებს მათ საქმიანობას. შესაბამისად, ქვეყნის საფინანსო უწყენებს მოუწევთ არსებული ვითარების დაძლევის გზების ძიება.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე