ზეწოლის გამო ჩვენმა ათეულობით კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა - ნათია მეზვრიშვილი

საქართველო, თბილისი - 20:01 | 04.09.2021
ნანახია: 389

პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" ძალოვანი უწყებების გამოყენებით ქვეყნის მასშტაბით ზეწოლას ახორციელებს პარტია "საქართველოსთვის" მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებზე, რის შედეგადაც, ათეულობით კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა.

"ათეულობით კანდიდატმა ამ ზეწოლის შედეგა უკვე მოხსნა კანდიდატურა სამსახურიდან გათავისუფლების შიშით, ბიზნესზე ზეწოლის შიშით და პირადი ცხოვრების ინფორმაციის გახმაურების შიშით. სამწუხაროდ, ნაცვლად უკვე განცხადებულ ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა, ოცნება დაკავებულია იმით, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც კანდიდატურა ზეწოლის ქვეშ მოხსნეს, ასევე ზეწოლის ქვეშ, სამთავრობო მედია საშუალებების გამოყენებით ტყუილებს ავრცელებინებენ". – თქვა მეზვრიშვილმა

მეზვრიშვილმა მოუწოდა მმართველ პარტიას, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო გაათავისუფლოს პოლიტიკური გავლენისგან.

"ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაათავისუფლონ პოლიტიკური გავლენისგან პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, სწორედ ეს ორი უწყებაა ვალდებული კანონის ფარგლებში რეაგირება მოახდინონ, მისცენ რიგით პროკურორებს, რიგით გამომძიებლებს, რიგით მოხელეებს კანონით დაკისრებული მათზე ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა და ბუნებრივია მოვუწოდებ პროკურატურას და შსს-ს, დაიწყოს გამოძიება ჩვენს მიერ გაჟღერებულ ყველა ფაქტზე". – თქვა მეზვრიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე