N16 დაბალი რისკის დაწესებულებას თეატრალური კვარტეტი ესტუმრა

საქართველო, თბილისი - 19:01 | 04.02.2016
ნანახია: 1636

N16 დაბალი რისკის დაწესებულებაში თეატრალური კვარტეტის წევრები მსჯავრდებულებს შეხვდნენ.  ღონისძიებაზე კვარტეტის წევრებმა საკუთარი რეპერტუარიდან სიმღერები შეასრულეს, მათ შორის მსჯავრდებულებთან ერთად, კვარტეტის შექმნის ისტორია გაიხსენეს და დაწესებულების საგანმანათლებლო კორპუსი დაათვალიერეს.

„ეს ჩვენი მეორე ვიზიტია დაწესებულებაში, პირველად  ქალთა დაწესებულებას ვესტუმრეთ და მაშინაც, როგორც ამჯერად, ძალიან ემოციური შეხვედრა გამოვიდა. ჩვეულებრივზე მეტად ვღელავდით ორივე შემთხვევაში, ალბათ იმიტომ რომ ეს ადამიანები ძალიან მონატრებულები არიან ქართულ სიმღერას, ხელოვნებას. ამიტომ ჩვენც უფრო მეტი პასუხისმგებლობით მივუდექით მათთან ერთად გატარებულ რამდენიმე საათს. ამ შეხვედრით გვინდა ვაგრძნობინოთ მათ რომ ისინი გარიყულები არ არიან.“ - განაცხადა თეატრალური კვარტეტის წევრმა ოთო კოვზირიძემ.

მსჯავრდებულები გუნდის სამომავლო გეგმებით  დაინტერესდნენ და  სტუმრებს ის მუსიკალური პროექტები გააცნეს, რომლებშიც თავად არიან ჩართულები, რომელიც დაწესებულებაში რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ფარგლებში ხორციელდება. ასევე, აღნიშნეს, რომ მათთვის მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშნველოვანია. 

„ძალიან მაღალი განწყობა მაქვს, კვარტეტის ბიჭები არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვის სასურველი სტუმრები არიან. უნდა ვთქვა, რომ ეს დაწესებულება საკმაოდ განებივრებულია მსგავსი ღონისძიებებით. ჩემთვის თეატრალური კვარტეტის სტუმრობა განსაკუთრებით მნიშნველოვანი აღმოჩნდა, რადგან მათთან ერთად სიმღების საშუალება მომეცა. ასეთი თბილი შეხვედრები ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია, რადგან ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც თავისუფლებაზე გასვლის შემდეგ უნდა მიგვიღონ. თუ როგორები გავალთ აქედან - სწორედ ამაზე მუშაობს ჩვენი დაწესებულება მსგავსი შეხვედრების დაგეგმვით.“ - განაცხადა მსჯავრდებულმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე