ჩემი უფროსი არ არის ევროპარლამენტარი, ჩემი უფროსია ქართველი ხალხი - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:52 | 01.09.2021
ნანახია: 414

ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩემი უფროსია ქართველი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარების  განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.

ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარები ზედაპირული განცხადებების გაკეთებაშიც დაადანაშაულა.

„თუ მათ აინტერესებთ საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე ევროპარლამენტარები გამოეხმაურნენ.

ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები და ამიტომ, ვერ იტყოდა უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ ჰქონდა.

„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები: სასამართლო სისტემა და ა.შ. თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა კრამონმა.

ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ ქართულ ოცნებას ესმის, რომ "თანხას, რომელსაც ევროკავშირი სთავაზობს ძალიან ნათლად გაწერილი პირობები მოჰყვება" და მთავრობა ამის შესასრულებლდ მზად არ არის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე