ხიდაშელი: ყველაზე მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს

საქართველო, თბილისი - 16:45 | 04.02.2016
ნანახია: 1678

„ვიდრე გამოძიება დასრულდება, ლეგიტიმური კითხვები მუდმივად იარსებებს. ამასობაში არ შეიძლება, რომ მთელ ჯარზე ან მთელ ამ კონტინგენტზე კეთდებოდეს იმ ტიპის განცხადებები, რასაც ვისმენთ. ამიტომ ჩავედი მე სენაკში, რომ მათ შევხვედროდი, შევხმიანებოდი იმ წუხილებს, რომელიც ერთობლივად გვაქვს და გამემხნევებინა,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ვითარებაში უკეთ გარკვევის მიზნით და ქართველი სამხედროების გასამხნევებლად, თინათინ ხიდაშელი გუშინ სენაკის II ბრიგადაში იმ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა, რომლებიც 2014 წლის შემოდგომაზე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე მისიაში მონაწილეობდნენ. სენაკში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„გუშინ, პარლამენტიდან წასვლის შემდეგ მთელი დღე სენაკის II ბრიგადაში გავატარე, სადაც ცენტრალურ აფრიკაში მყოფი მაშინდელი კონტინგენტის უდიდესი ნაწილია, ამჟამად იქ არიან დისლოცირებული. მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა ბიჭებთან, ძალიან კარგი შეხვედრა იყო. პირველი და უმთავრესი, ყველაზე მნიშვნელოვანი ყველა ჩვენგანისთვის არის ის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს. ისინი არ არიან ბედნიერი ამ დღეების განმავლობაში მედიაში არსებული გამოხმაურებებით. უმნიშვნელოვანესია, რომ გავუფრთხილდეთ ამ ადამიანებს,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ სამხედრო პოლიციის გუნდი, რომელიც ამ საქმეს იკვლევს, უკვე ემზადება ცენტრალურ აფრიკაში წასასვლელად და ყველა შესაბამისი პროცედურა უკვე დაწყებულია.

„რაც ჩვენ კრიტიკულად გვჭირდება არის ინფორმაცია, რომელსაც ველოდებით ჟენევიდან. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს - კონკრეტულ ინფორმაციას ვგულისხმობ, ვინ რა ჩვენება მისცა, როდის, რა თარიღებზეა საუბარი. ამიტომ ველოდებით მასალებს და პირობა გვაქვს მიღებული, რომ ძალიან სწრაფად უნდა მივიღოთ. ჩემს მოადგილეს ანა დოლიძეს აქვს კომუნიკაცია უმაღლესი კომისრის ოფისთან და კვირის ბოლომდე ველოდებით, რომ ეს ჩვენებები გვექნება უკვე თბილისში. შესაბამისად, შევძლებთ ვიცოდეთ კონკრეტულად რა თარიღებზე, რა ლოკაციებზეა იქ საუბარი. წინასწარი სამუშაო თითქმის დავასრულეთ. პირადად მაქვს წაკითხული აბსოლუტურად ყველა ანგარიშისა და გზავნილის ყველა ფურცელი და ბწკარი, ყველა სატელეფონო შეტყობინება, რაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან იმ ექვსი თვის განმავლობაში გამოგზავნილა. ამიტომ, როგორც კი გვეცოდინება ლოკაციები, თარიღები და კონკრეტულად ვინ რაზე გვედავება, პირობას გაძლევთ, რომ მაქსიმუმ ორ დღეში იქნება ჩვენი პასუხები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასწარი მოკვლევა... გამოძიებას ვერ დავიწყებთ, ვიდრე არ გვექნება ფაქტობრივი გარემოებები, იმ ადამიანების ჩვენებები, ვინც რაღაცას გვაბრალებს, გვაქვს მხოლოდ პრესრელიზი. პრესრელიზის საფუძველზე კი გამოძიებას ვერ დავიწყებთ. ამიტომ, მიმდინარეობს მოკვლევა, რომელსაც აწარმოებს სამხედრო პოლიცია“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე