ზამთრის საკურორტო ზონაში თანამედროვე ვერტმფრენით ტურისტული ჯგუფების მომსახურებას კიდევ ერთი კომპანია განახორციელებს

საქართველო, თბილისი - 15:26 | 04.02.2016
ნანახია: 1361

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ“ გერმანულ კომპანიაზე „HTM Helicopter Travel Munich GmbH“ ზამთრის საკურორტო ზონაში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.

საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონაში კომპანია „HTM Helicopter Travel Munich GmbH“ ოპერირებას 4 თებერვლიდან 31 მარტამდე განახორციელებს. კომპანიისთვის ფრენების ნებართვის მინიჭების თაობაზე შუამდგომლობით სააგენტოს შპს „ჰელიქსირმა“ მომართა.

„HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ის კუთვნილი AS 350 B3 ტიპის თანამედროვე ვერტმფრენით, ქართული კომპანია „ჰელიქსირი“ გუდაურის საკურორტო ზონაში მცირე ტურისტული ჯგუფების მომსახურებას, კერძოდ, „Heli-skiing” ტურებს განახორციელებს, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეების და სნოუბორდისტების გაუკვალავ თოვლში გადასხმას, თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.

„HTM Helicopter Travel Munich GmbH“ მეორე უცხოური ვერტმფრენების კომპანიაა, რომელიც წელს საქართველოს ზამთრის ტურისტულ ზონებში ფრენებს განახორციელებს. ავსტრიულ კომპანია „Wucher Helikopter Gmbh“-ზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელების ნებართვა იანვრიდან აპრილის ჩათვლით გასცა.

აღნიშნული კომპანიების ოპერირება საქართველოში ხელს შეუწყობს ზამთრის ტურიზმის განვითარებას, უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს ზამთრის სათხილამურო კურორტებზე და ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე