აჭარაში ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია“ მიღების მსურველები უკვე გამოჩნდნენ

საქართველო, თბილისი - 12:01 | 04.02.2016
ნანახია: 1435

 

ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მიღების მსურველები უკვე გამოჩნდნენ. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სპეციალურ ვებ-გვერდზე recommend.ge განაცხადები პროექტში მონაწილეობის მისაღებად ექვსმა ობიექტმა გააკეთა. ვებ-გვერდზე ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ტურისტული ობიექტები და გიდები თანხმობას აცხადებენ, რომ მზად არიან გაიარონ ყველა შესაბამისი პროცედურა ხარისხის ნიშნის მისაღებად.

მონიტორინგის პირველი ეტაპი (01.03 – 01.04)

განცხადებების გადარჩევის შემდეგ პროექტის მონაწილე განთავსებისა და კვების ობიექტები გაივლიან სპეციალურ ტექნიკურ შემოწმებას, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. კრიტერიუმები ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი ტურისტულ ობიექტებში ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების არსებობას ითვალისწინებს. მონიტორინგს დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილებების წარმომადგენელთა ჯგუფი განახორციელებს. გამოვლენილი ხარვეზების შესახებ გაიცემა რეკომენდაციები, რომელთა შესასრულებლადაც ტურისტულ ობიექტებს მიეცემათ გონივრული ვადა.

 

მონიტორინგის მეორე ეტაპი (10.04 – 10.05)

მონიტორინგის ამ ეტაპზე მოწმდება ის ტურისტული ობიექტები, რომლებსაც ხარვეზების აღმოსაფხვრელად გამოსასწორებელი ვადა აქვთ მიცემული. მონიტორინგის პარალელურად განთავსებისა და კვების ობიექტებში სერვისის ხარისხის დასადგენად შედის „იდუმალი სტუმარი“.

მონიტორინგის ორივე ეტაპზე, ობიექტებში სანიტარული და სურსათუვნებლობის მონიტორინგის მიზნით პროექტში ინტენსიურადაა ჩართული სურსათის ეროვნული სააგენტო და შესაბამისი მუნიციპალიტეტის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.

 

შედეგების განხილვა და ხარისხის ნიშნის მინიჭება (15.05-1.06)

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის რეგიონულ მრჩეველთა საბჭოს წარუდგენს მონიტორინგის დამუშავებულ შედეგებს. მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის აჭარის რეგიონში უკვე იქნება პირველი ტურისტული ობიექტები, რომლებიც დააკმაყოფილებენ პროექტში არსებულ კრიტერიუმებს და მიიღებენ ხარისხის ნიშანს „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“.

აღნიშნული პროექტი აჭარის რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, კვებისა და განთავსების ობიექტებში უსაფრთხოებისა და ტექნიკური სტანდარტების დამკვიდრებას ისახავს მიზნად. ის ასევე ითვალისწინებს რეგიონში ტურისტული გიდის მომსახურების გაუმჯობესებასა და გიდებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭებას. პირველ ეტაპზე იგეგემება ქალაქის გიდის, ზემო აჭარის გიდისა და დაცული ტერიტორიის - მტირალას ეროვნული პარკის გიდისთვის ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მინიჭება.

პროექტში ჩასართველად განაცხადების მიღება კვებისა და განთავსები ობიექტებს 1 მარტამდე შეეძლებათ, თუმცა ობიექტებს, რომლებიც პირველი მარტის შემდგომ გადაწყვეტენ პროექტში ჩართვას შეეძლებათ დარეგისტრირდნენ ვებ გვერდზე Recommend.ge.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე