შვედეთი საქართველოს 35 000 ევროს გამოუყოფს

საქართველო, თბილისი - 10:03 | 04.02.2016
ნანახია: 1317

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შვედეთის რადიაციულ მარეგულირებელ ორგანოს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 15 წლიანი სტრატეგიის და მისი განხორციელების გეგმის შემუშავებაში საქართველოს მხარდაჭერასი თვალისწინებს. შეთანხმების ფარგლებში, შვედეთის მარეგულირებელი ორგანო   35 000 ევროს გამოყოფს.

სტრატეგიის შემუშავებაში, მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და შვედი ექსპერტები, რომლებიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და ევროკავშირის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეისწავლიან და გაანალიზებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დაიგეგმება მათი უსაფრთხო განთავსების, გადამუშავებისა და შენახვისათვის აუცილებელი ღონისძიებები.

ხელშეკრულებას ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, შვედეთის რადიაციული მარეგულირებელი ორგანოს საერთაშორისო თანამშრომლობის ოფისის უფროსმა ლარს ვან დასენმა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა მოაწერეს.

რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია, საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წლის 4 იანვრამდე დამტკიცდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე