შარლ მიშელს პირდაპირ ვუთხარით, რომ გვაქვს დიდი რისკები - ან მიდივართ რუსეთში, ან ვრჩებით ევროატლანტიკურ კურსზე - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 13:01 | 19.07.2021
ნანახია: 951

შეხვედრაზე შევეხეთ იმას, რომ ევროატლანტიკური ღირებულებები და სწრაფვა საქართველოში სერიოზული დარტყმის ქვეშაა და პირდაპირ ვუთხარით, რომ ახლა გვაქვს დიდი რისკები - ან მიდივართ რუსეთში, ან ვრჩებით ევროატლანტიკურ კურსზე, ეს მას ძალიან კარგად ესმის, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, მიშელთან საუბრის თემა 5-6 ივლისის მოვლენები, შეთანხმების დარღვევა და საფრთხის ქვეშ მყოფი ევროატლანტიკური კურსი იყო.

"რა თქმა უნდა, ის მძიმე მოვლენები, რომლებიც განვითარდა 5-6 ივლისს, შეეხებოდა, პირველ რიგში, პრემიერ მინისტრის განცხადებას, როდესაც მან პირდაპირ თქვა, რომ ვერ დაიცავდა ადამიანებს, ამის შემდეგ კი ხელისუფლებამ არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აიღო, შეხვედრაზე შევეხეთ იმას, რომ ევროატლანტიკური ღირებულებები და სწრაფვა საქართველოში საკმაოდ სერიოზული დარტყმის ქვეშაა და პირდაპირ ვუთხარით, რომ ჩვენ ახლა გვაქვს დიდი რისკები - ან მიდივართ რუსეთში, ან ვრჩებით ევროატლანტიკურ კურსზე, ეს მას ძალიან კარგად ესმის, შეშფოთებულია ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, ეს ნამდვილად სამწუხაროა", - თქვა დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, შეხვედრაზე მიშელმა აღნიშნა, რომ ოპოზიციასთან მისი ამგვარი ხანგრძლივი შეხვედრა უკვე გზავნილია ხელისუფლებისთვის და ირაკლი ღარიბაშვილთან მნიშვნელოვანი საუბარი ექნება.

"ვისაუბრეთ შეთანხმების დარღვევაზე, არ ვართ შეთანხმების მონაწილეეები, თუმცა ჩვენი არგუმენტი არის ის, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს, რომელიც ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ არ გამოუტანია და პირიქით, დაარღვია ის დათქმები, რომლებიც ჩადებული იყო, დაარღვია დათქმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, წარმოადგინა კანდიდატები, რომლებიც კლანურია და ეს მე მიშელს ვუთხარი", - თქვა დეკანოიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე