შარლ მიშელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველო, თბილისი - 10:41 | 19.07.2021
ნანახია: 663

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.

ბათუმში მიმდინარე შეხვედრაზე განხილვის ერთ - ერთი მთავარი თემა სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტი იქნება. იუწყებიან, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხება 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებსაც.

ოპოზიციის წარმომადგენლები ელიან, რომ შარლ მიშელს ძალიან მკაცრი გზავნილები ექნება ხელისუფლების მიმართ.

შარლ მიშელსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გასტანს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 18 ივლისს ეწვია. ის მონაწილეობას მიიღებს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში, რომელიც დღეს გაიხსნა.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსია თემაზე: „ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი და აღმოსავლეთ ევროპა“. აღნიშნულ სესიაში მონაწილეობას საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღეს დაგეგმილია შარლ მიშელის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთობლივი შეხვედრა, რის შემდეგაც გაიმართება პრესკონფერენცია.

კონფერენციის ფარგლებში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება, სადაც სამი ასოცირებული ქვეყანა ხელს მოაწერს ერთობლივ დეკლარაციას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე