როდესაც გარეთ ვერ ახერხებ 1 000 კაცის შეკრებას, ადვილია, პარლამენტში 50 შეკრიბო - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 16:44 | 18.07.2021
ნანახია: 498

გარეთ როდესაც  ვერ ახერხებ 1 000 კაცის შეკრებას, ადვილია, პარლამენტში 50 კაცი შეკრიბო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იყო მცდელობა, რომ შენობაში ჩაეტარებინათ მინიმიტინგი, პარლამენტი კი მიტინგების სივრცე არ არის.

„ვახტანგ გომელაური აქ მოსული იყო კითხვებზე პასუხის გასაცემად. გამოჩნდა, რომ ოპოზიციას არავითარი კითხვები რეალურად არ აქვს, მათ თვითონ იციან პასუხები ამ კითხვებზე და ეშინიათ ამ პასუხების. ასეთ ვითარებაში თვითმიზანი ვერ იქნებოდა სხდომის გაგრძელება. აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარემ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო. როდესაც ხდება სპეკულირება ისეთი თემით, რომელზეც არ შეიძლება სპეკულირება, ეს არის ამორალური ქმედება. სამწუხაროა, რომ ამ ამორალურ ქმედებებში ჩართული ჰყავთ მედიის წარმომადგენლები, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. გუშინ ვნახეთ, რომ სწორედ ამ ამორალურობის გამო რუსთაველის გამზირზე 1 000 კაციც კი ვერ შეკრიბეს, რასაც აქვს ძალიან მარტივი ახსნა. საზოგადოება ხედავს, რომ ესენი არიან ამორალური ადამიანები, ახორციელებენ ამორალურ ქმედებებს და ამაზე საკადრისი პასუხი მათ გაეცათ მათ შორის გუშინ, რუსთაველის გამზირზე. აქ იყო მცდელობა, რომ შიგით ჩაეტარებინათ მინი მიტინგი. როდესაც გარეთ ვერ ახერხებ 1000 კაცის შეკრებას, ბუნებრივია, ადვილია, რომ 50 კაცი შეკრიბო შენობაში და აჩვენო რაღაცა პროტესტის ფორმა, თუმცა, აქაც მარტივი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. პარლამენტის შენობა არ არის მიტინგების სივრცე" - თქვა კობახიძემ.

დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, გადაიდო.

პარლამენტში, შს მინისტრს გამოსვლა ოპოზიციამ შეაწყვეტინა. სხდომაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე