თინათინ ხიდაშელი ეროვნული კრების თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 10:47 | 03.02.2016
ნანახია: 1726

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ეროვნული კრების თავმჯდომარესთან გალუსტ საჰაკიანთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასაც.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გალუსტ საჰაკიანთან განხილული თემები შეხვედრის დასრულების შემდეგ შეაჯამა. „ვისაუბრეთ მხარდაჭერაზე, რომელიც სამხედრო, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში გააქტიურებული თანამშრომლობის პირობებში პოლიტიკური სეგმენტიდან სჭირდება აღმასრულებელ ხელისუფლებას. ვისაუბრეთ საერთაშორისო ფორმატებზე, რომელშიც ჩვენი ორი ქვეყანა ერთობლივად მუშაობს, ერთობლივად ეწევა საკუთარ საქმიანობას,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დღეს დასრულდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელმა შეხვედრები გამართა სომეხ კოლეგასთან სეირან ოჰანიანთან, პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან, პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანთან და სომხეთის კათოლიკოს გარეგინ II-სთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე