საფრანგეთის პროკურატურა ნიკოლა სარკოზისთვის პატიმრობას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 19:24 | 17.06.2021
ნანახია: 411

პროკურატურა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის  ნიკოლა სარკოზისთვის 6-თვიან პატიმრობას ითხოვს, 2012 წელს მისი საარჩევნო კაპმანიის უკანონო დაფინანსების გამო.

ამის გარდა, პროკურატურამ სარკოზის მიმართ მოითხოვა კიდევ 6-თვიანი პირობითი სასჯელი და 3 750 ევროს ჯარიმა.

სასამართლო სხდომაზე სარკოზიმ განაცხადა რომ უდანაშაულოა და საარჩევნო კამპანიის დროს ხარჯების გადამეტება უარყო.

ამ საქმეზე სასამართლო პროცესი მარტში დაიწყო, თუმცა მოსმენა რამდენჯერმე გადაიდო და 20 მაისს განახლდა.

ბრალდების განცხადებით, სარკოზის საარჩევნო შტაბი იყენებდა ყალბ ანგარიშებს PR-სააგენტოს მიერ ორგანიზებული შეხვედრებისთვის, რათა დაემალათ ხარჯების გადამეტება საპრეზიდენტო კამპანიის დროს.

ამ საქმის ფარგლებში ბრალი 14 პირს აქვს წარდგენილი, მათ შორის სარკოზის - საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებაში. დანარჩენი 13 განსასჯელისთვის პროკურატურამ 18-თვიდან 4 წლამდე პირობითი სასჯელი მოითხოვა. იუწყება „ფრანს პრესი“.

ეს პირველი პროცესი არ არის ნიკოლა სარკოზისთვის. პარიზის სასამართლომ 1 მარტს სარკოზი დამნაშავედ ცნო კორუფციასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ე.წ. მოსმენის საქმეზე და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, აქედან ორი პირობითი. ექს-პრეზიდენტმა განაჩენი გაასაჩივრა, რის შემდეგაც ახალი სასამართლო განხილვა გაიმართება. სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2007-2012 წლებში იკავებდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე