ჟენევაში ჯო ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:39 | 16.06.2021
ნანახია: 716

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის სამიტი ჟენევაში დაიწყო.

სამიტის დაწყებამდე, პრეზიდენტებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და შვეიცარიის პრეზიდენტთან ერთად, საერთო ფოტო გადაიღეს.

შვეიცარიის პრეზიდენტმა გი პარმელენმა ორი ქვეყნის ლიდერს "ნაყოფიერი დიალოგის" წარმართვა უსურვა და პრეზიდენტებს სათათბირო ოთახისკენ გაუძღვა.
ბაიდენსა და პუტინს შორის მოლაპარაკებები გაიმართება მეთვრამეტე საუკუნის ვილაში, რომელიც ჟენევის ტბას გადაჰყურებს. შვეიცარიის პოლიციამ და სამხედროებმა, უსაფრთხოების მიზნით, დახურეს ვილა ლა გრანჟის მიმდებარე ორი პარკი და მის გარშემო გალავანი აღმართეს.

თეთრი სახლის ცნობით, მოლაპარაკებები 4-5 საათს ან უფრო მეტხანს გაგრძელდება. ლანჩი არ არის დაგეგმილი. შეხვედრის ბოლოს პუტინი გამართავს პრესკონფერენციას, რასაც მოჰყვება ბაიდენის პრესკონფერენცია.

შემდეგ გაიმართება შეხვედრა ვიწრო წრეში, რომელსაც დაესწრებიან მხოლოდ ორი პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ასევე თარჯიმნები.

მოგვიანებით მონაწილეების შემადგენლობა გაფართოვდება: ორი პრეზიდენტი და დელეგაციების ხუთი წევრი.

შეხვედრაზე განხილული იქნება ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხი, მათ შორის ახალი სტარტის შეთანხმება, რომელიც იანვარში ბაიდენის ადმინისტრაციამ ხუთი წლით გაახანგრძლივა.

დაგეგმილია კიბერუსაფრთხოების პრობლემების საკითხების მიმოხილვა, მათ შორის რუსეთში მყოფი დანაშაულებრივი კიბერ ჯგუფების ამერიკისთვის გადაცემის საკითხი.

აშშ-ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბაიდენი გეგმავს ადამიანის უფლებების საკითხის განხილვას, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ იქნება თუ არა ნახსენები რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი.

თეთრი სახლის ცნობით, შეხვედრაზე ჯო ბაიდენი ბელარუსისა და უკრაინის საკითხებსაც წამოჭრის.

თავის მხრივ, კრემლი აცხადებს, რომ ლიდერები ცხელ წერტილებში საერთაშორისო კონფლიქტების დარეგულირებაზე, განიარაღების პროცესზე, ტერორიზმთან ბრძოლაზე, პანდემიასა და ეკოლოგიურ საკითხებზე იმსჯელებენ.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ვაშინგტონისა და მოსკოვის დელეგაციების შემადგებლობაში შემავალ პირთა ვინაობა:

ამერიკის დელეგაცია:

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი

სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდი

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მთავარი მრჩეველი რუსეთის საკითხებში ერიკ გრინი

ჯონ სალივანი, აშშ-ის ელჩი რუსეთში

რუსეთის დელეგაცია:

საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი

პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

რუსეთის ელჩი შეერთებულ შტატებში ანატოლი ანტონოვი,

თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე