ევროკომისია უნგრეთისთვის, ანტი-ლგბტ კანონის მიღების გამო, დაფინანსების შემცირებას განიხილავს

საქართველო, თბილისი - 13:39 | 16.06.2021
ნანახია: 425

ევროკომისია უნგრეთისთვის დაფინანსების შემცირებას განიხილავს, ახალი ანტი-ლგბტ კანონის გამო, რომელიც უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ გუშინ მიიღო. ამის შესახებ Reuters-თან ინტერვიუში თანასწორების საკითხებში ევროკომისარმა, ელენა დალიმ განაცხადა,

"თუ არ აფასებთ ევროკავშირის დემოკრატიისა და თანასწორობის ღირებულებებს, მაშინ თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ თანხა თქვენი პროექტისთვის", - თქვა ევროკომისარმა დალიმ.

ამასთან, ევროკომისარმა მიანიშნა, რომ შესაძლოა ანალოგიური ზომები იქნეს მიღებული პოლონეთის იმ რეგიონებთან მიმართებაში, რომელთაც თავი "ლგბტ-სგან თავისუფალ ზონებად" გამოაცხადეს.

ევროკომისარ დალის ეს განცხადება წინ უსწრებდა უნგრეთის პარლამენტის მიერ კანონპროექტის კენჭისყრას, რომელიც სახალხო მღელვარების ფონზე წარიმართა.

შეგახსენებთ, 15 ივნისს, ოპოზიციური პარტიებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მწვავე კრიტიკის ფონზე, უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რითაც სკოლებში იკრძალება ისეთი შინაარსის მასალების გავრცელება, რაც კანონის ინიციატორების აზრით, ხელს უწყობს ჰომოსექსუალობასა და სქესის შეცვლას.

გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით, უნგრეთში აიკრძალება ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ყველა მასალა, მათ შორის ფილმები და წიგნები, სადაც სექსუალობა მხოლოდ ჰეტეროსექსუალობად არ არის წარმოჩენილი.

კანონპროექტის ინიციატორი იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, მკაცრი ნაციონალისტის ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz-ი, რომელიც ქვეყანაში ქრისტიან-კონსერვატორული დღის წესრიგის დამყარებას ესწრაფვის.

კანონპროექტის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სკოლებში ამგვარი შინაარსის მასალების აკრძალვა ხელს შეუწყობს პედოფილიის წინააღმდეგ ბრძოლას. უფლებადამცველები კი ამბობენ, რომ პედოფილიისა და ჰომოსექსუალობის ერთმანეთთან დაკავშირება მიუღებელი და დისკრიმინაციულია.

კანონპროექტის მიღებამდე ბუდაპეშტში, პარლამენტის შენობის წინ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.

უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი 157 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. მემარცხენე ოპოზიციურმა პარტიებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს და პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომათა დარბაზი. გამონაკლისი იყო ულტრამემარჯვენე პარტია "იობიკი", რომელმაც პროექტს მხარი დაუჭირა.

ოპოზიციური პარტიები ამ კანონს ერთგვარ იარაღად მიიჩნევენ, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსახლეობის სტიგმატიზაციისა და შევიწროებისთვის, მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე