ბრიუსელში აშშ-ევროკავშირის სამიტი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:19 | 15.06.2021
ნანახია: 665

ბრიუსელში დაიწყო შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სამიტი, რომელსაც ჯო ბაიდენი და ევროკავშირის ლიდერები - შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ესწრებიან.

ტრამპის პრეზიდენტობისას, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის არსებული დაძაბულობების შემდეგ, ეს პირველი უმაღლესი დონის ვიზიტია, სადაც ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განახლებას იმედის თვალით შეჰყურებენ.

"ამერიკა დაბრუნდა. ჩვენ ერთგულები ვართ ჩვენი ვალდებულებების - ჩვენ სრულად არასდროს წავსულვართ. ვადასტურებთ, რომ აშშ-ის ინტერესებშია მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს ნატოსა და ევროკავშირთან", - თქვა ბაიდენმა სამიტის დაწყებამდე.

"მე ძალიან განსხვავებული შეხედულება მაქვს, ვიდრე ჩემს წინამორბედს", - დასძინა ბაიდენმა.

ბაიდენის გზავნილს მიესალმნენ მისი მასპინძლები, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

"თქვენ დაბრუნდით ბრიუსელში და ამერიკა დაბრუნდა გლობალურ სცენაზე", - თქვა მიშელმა. "ეს შესანიშნავი ამბავია".

როგორც იუწყებიან, აშშ-ევროკავშირის პირველი პირები ტრანსატლანტიკური ურთიერთობის განახლებას შეეცდებიან და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ ვაჭრობის, კლიმატის ცვლილებისა და რუსეთისა და ჩინეთის საკითხებს.

მოსალოდნელია, რომ მხარეები იმსჯელებენ მრავალწლიან სავაჭრო დავაზე, რომელიც Airbus-ისა და Boeings-ის მიერ თვითმფრინავების წარმოებას ეხება. შეერთებული შტატები და ევროკავშირი ერთმანეთს ადანაშაულებენ თვითმფრინავების წარმოების უკანონო სუბსიდირებაში.

სამიტის დასასრულს ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები ერთობლივ განცხადებას გამოაქვეყნებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე