აჭარის მთავრობა ბათუმის ბულვარს სამართავად ქალაქის მერიას გადასცემს

საქართველო, თბილისი - 17:17 | 02.02.2016
ნანახია: 1337

2 თებერვალს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბათუმის ბულვარის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მერიის მართვაში გადაცემის თაობაზე.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ დადასტურდა აჭარის მთავრობის პოლიტიკა გამოხატავდეს ხალხის ნებასა და ინტერესებს. სწორედ ამ ინტერესების დასაცავად და საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით, ბათუმის ბულვარი სამართავად ქალაქის მერიას გადაეცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ბულვარის დირექტორი და მისი 2 მოადგილე თანამდებობას დატოვებს, რის შემდეგაც ბათუმის მერია დანიშნავს ახალ ხელმძღვანელებს. მნიშვნელოვანია, რომ „სსიპ ბათუმის ბულვარ“-ში არსებული ბიუჯეტი უცვლელი დარჩება და ის ბულვარის მართვას მოხმარდება.

როგორც რეგიონის მთავრობაში განმარტავენ, 2016 წელი იქნება ერთგვარი გარდამავალი პერიოდი, რომელიც გულისხმობს ქალაქის მერიის მიერ შერჩეული მენეჯმენტით ბულვარის მართვას. 2017 წლიდან კი მერიამ უნდა გამონახოს ფინანსური რესურსები და ბიუჯეტის ფორმირების დროს გაითვალისწინოს ბულვარის მოვლის ხარჯები.

"11 მილიონი ლარი, რომელიც გამოყოფილია რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, ჩვეულებრივ დაიხარჯება ბულვარის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის. ახალი მენეჯმენტი, რომელიც მერიაზე იქნება დაქვემდებარებული, გადაწყვეტს რესურსების გამოყენების მიმართულებებს" - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე