რუსეთის აგრესიულმა მოქმედებებმა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, ასევე კიბერთავდასხმებმა და მოწამვლის შემთხვევებმა გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება - იენს სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 12:31 | 14.06.2021
ნანახია: 386

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუარესება, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ მისმა აგრესიულმა ქმედებებმა გამოიწვია.

"ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიული მოქმედების ნიმუშს მეზობლების წინააღმდეგ, უკრაინასა და საქართველოში, ასევე კიბერთავდასხმებსა და მოწამვლის შემთხვევებს. სწორედ ამან გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება", – განაცხადა სტოლტენბერგმა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტის გახსნაზე.

მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობა ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

"ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო. დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს ქვეყნების ლიდერები დაადასტურებენ რუსეთისადმი ჩვენს ორმაგ მიდგომას: ერთი მხრივ ძლიერი თავდაცვა, მეორე მხრივ კი - დიალოგი", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს სამიტზე დღეს განიხილავენ და დაამტკიცებენ ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციას 2030 წლამდე. ალიანსის წევრები ასევე განიხილავენ ჩინეთთან ურთიერთობას, რომელიც ნატო-ს უსაფრთხოებისთვის გამოწვევებს ქმნის. ასევე კლიმატის ცვლილებებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებს.

გენერალური მდივნის თქმით, ნატო-ს ქვეყნების ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან ასევე გამართავენ კონსულტაციებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყების წინ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე