ბრიტანეთში დიდი შვიდეულის სამიტი იწყება

საქართველო, თბილისი - 10:42 | 11.06.2021
ნანახია: 659

დიდ ბრიტანეთში, კორნუელის საგრაფოში მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები იკრიბებიან.

დიდი შვიდეულის სახელმწიფოთა მეთაურების სამიტი 13 ივნისამდე გასტანს. წლევანდელ სამიტზე სტუმრის სტატუსით მოწვეულნი არიან ავსტრალია, ინდოეთი და სამხრეთ კორეა.

ეს იქნება დიდი შვიდეულის ლიდერების პირველი პირისპირ შეხვედრა კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ. მოელიან, რომ სამიტის დასრულების შემდეგ ერთობლივი კომუნიკე გამოქვეყნდება.

სამიტის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, ლიდერები იმსჯელებენ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენაზე, გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, ვაჭრობასა და განვითარებაზე, რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებსა და ჩინეთზე.

დიდი შვიდეულის ჯგუფი შვიდ მსოფლიოს წამყვან ეკონომიკურ ქვეყნებს აერთიანებს - კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები.

ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა 6 სახელმწიფოსგან, რომელსაც ერთი წლის შემდეგ კანადაც შეუერთდა, იმ მიზნით, რომ მსოფლიოს მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნებს შესძლებოდათ ეკონომიკური პოლიტიკის განხილვა საერთო კეთილდღეობის მისაღწევად.

დიდი შვიდეულის მუშაობაში ევროკავშირი მონაწილეობას 1977 წლიდან შეუერთდა.

დიდი შვიდეული 1998-2014 წლებში იწოდებოდა, როგორც დიდი რვიანი (G8), რადგან მისი წევრი რუსეთიც იყო. 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს დაატოვებინეს ჯგუფის შემადგენლობა.

დიდი შვიდეულის სამიტს არ ჰყავს მუდმივმოქმედი აპარატი ან სამდივნო. სამიტის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას თავმჯდომარე ქვეყანა ახორციელებს, რომელიც ყოველწლიურად იცვლება.

თავმჯდომარე ქვეყანა უზრუნველყოფს ჯგუფის მუშაობისთვის საჭირო რესურსების შექმნას და ასახავს მის პრიორიტეტებს.

დიდი შვიდეულის თვითმყოფადობას საფუძვლად მისი საერთო ღირებულებები უდევს - დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, თავისუფალი ბაზრის პრინციპები და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ განიხილონ ყველა საკითხი, მაშინაც კი, როდესაც მათ მკევთრად განსხვავებული პოზიციები აქვთ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე