ლიეტუვა არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას - ლიეტუვის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 19:33 | 10.06.2021
ნანახია: 465

ლიეტუვა არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.

„მე აქ მოვედი იმისთვის, რომ ვთქვა, ლიეტუვა არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. და რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი საკითხი იყო, მენახა, როგორ ცხოვრობს აქ ხალხი, როგორია ჰუმანიტარული მდგომარეობა. სამწუხაროდ, მე ვნახე დანგრეული ცხოვრება ზოგიერთი პოლიტიკოსის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, მოახდინოს რა დამოუკიდებელი ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. მე ვნახე, რომ ადამიანები მოკლებულები არიან ბევრ შესაძლებლობას, ზოგიერთ მათგანს არ აქვს შესაძლებლობა, პენსია მიიღოს, მოკლებულია წყალმომარაგებას და შეზღუდულია განათლებაზე წვდომა.

ადგილობრივევთან შეხვედრის დროს ჩემი ბოლო შეკითხვა იყო – რაზე ოცნებობთ? იცით, რა იყო პასუხი? ისინი ოცნებობენ სახლში დაბრუნებაზე, მათ სახლებზე. ეს არის ბრძოლის მიზანი, ამ ადამიანებისთვის შესაძლებლობის გაჩენისთვის ბრძოლა, რომ აუხდეთ ოცნება, სახლში დაბრუნების ოცნება. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა ჩავდოთ, რომ წამოვწიოთ ეს საკითხი სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე.

ეს საკითხი გადაჭრილი არ არის და ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა შევცვალოთ მდგომარეობა და ვიბრძოლოთ ამ ხალხისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის, რომელიც ყოველთვის იყო საერთაშორისო საგარეო პოლიტიკის პრინციპებისა და ღირებულებების მხარდამჭერი“, – აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.

გიტანას ნაუსედამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი სოფელი ხურვალეთში ჩასვლით დაიწყო და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე