მმართველ პარტიაში ვარაუდობენ, რომ ენმ ალტერნატიული მთავრობის შექმნას გეგმავდა და მასში გიორგი გახარიას მონაწილეობას არ გამორიცხავენ

საქართველო, თბილისი - 16:26 | 05.06.2021
ნანახია: 786

მმართველ პარტიაში ვარაუდობენ, რომ ნიკა მელიას დაკავების წინ ენმ-ს ალტერნატიული მთავრობის შემქნა სურდა და მასში გახარიას მონაწილეობას არ გამორიცხავენ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „რამის კურიერის ეთერში განაცხადა, რომ ნიკა მელიას დაკავების წინ ოპოზიციურ პარტიას ალტერნატიული მთავრობის შექმნა ჰქონდა დაგეგმილი და მმართველ პარტიაში ეს ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს არ გაუმხილეს, რადგან მასზე ეჭვები გაუჩნდათ.

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე, რომელსაც ამჯერად უკვე გიორგი გახარიაც ესწრებოდა, ის აქტიურად ითხოვდა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას.

მისი თქმით, პრემიერმა გუნდის წევრებს მისცა პირობა, რომ საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის შემთხვევაში აღსრულდებოდა კანონი და თუ სასამართლო ნიკა მელიას პატიმრობას შეუფარდებდა, მას დააპატიმრებდნენ.

ამ შეხვედრის შემდეგ, სადაც დეპუტატებმა გიორგი გახარიას პირობა მიიღეს, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სამი დღის გასვლის შემდეგ გახარიამ დეპუტატებისთვის მიცემული ეს პირობა შეცვალა და მათ განუცხადა, რომ ნიკა მელია არ უნდა დაპატიმრებულიყო დაუყოვნებლივ.

„ანუ, რა პირობაც მისცა მან საპარლამენტო უმრავლესობას, იმ პირობის წინააღმდეგ წავიდა ყოველგვარი არგუმენტების გარეშე“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ გიორგი გახარიას არგუმენტად მოჰყავდა ის საკითხი, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, აქტივისტების ყველაზე მეტი კონცენტრაცია იქნებოდა მეორე დილით და შემდეგომ ეს კონცენტრაცია შემცირდებოდა. თუმცა, უმრავლესობას ამის საპირისპირო არგუმენტი ჰქონდა და ირწმუნებოდა, რომ კონცენტრაცია კი არ შემცირდებოდა, არამედ ის გაიზრდებოდა, რაც მისი თქმით, დადასტურდა კიდეც.

ნაციონალური მოძრაობისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქმედებებს შორის დამთხვევებს ხედავს ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და ეჭვი აქვს, რომ ეს დამთხვევები უნებლიედ არ ხდებოდა.

"ყველა მოქმედება და ნაბიჯი, მათ შორის გადადგომაც დაემთხვა იმ ინტერესს, რომელზეც ღიად დაიწყეს საუბარი ნაცმოძრაობის ბანაკიდან ალამუთის ციხესიმაგრიდან. დამთხვევაც არის და დამთხვევაც, როდესაც სახელმწიფოებრიობა და უსაფრთხოება დგას დღის წესრიგში ამას ნამდვილად დამთხვევას ვერ დავარქმევ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი გახარიას პარტიაში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას უპასუხეს, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის გეგმებთან გახარიას შესაძლო კავშირზე ისაუბრა

„მოვითხოვთ მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის გუშინდელ კომენტარებზე გამოძიება დაიწყოს დაუყოვნებლივ.

ღიმილის მომგვრელია, რომ მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა 4 თვის განმავლობაში ამბობდა რომ დაელოდებოდა ჩვენს ნაბიჯებს და მხოლოდ ამის საფუძველზე გააკეთებდა შეფასებას, როგორც აღმოჩნდა მას შემდეგ რაც ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯების შედეგად მათი ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე დაინახეს, დაიწყეს ამ ისტორიების გამოგონება, რომლის გაგრძელება უკვე დაგვიანონსეს“, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე