რა უსამართლოც არის ეს სასამართლო ვიცი, არ მინდა არანაირი ამნისტია - გიგი უგულავა

საქართველო, თბილისი - 15:38 | 03.06.2021
ნანახია: 780

არანაირი ამნისტია არ მინდა, რა უსამართლოც არის ეს სასამართლო ვიცი, მაგრამ არ მინდა არანაირი ამნისტია, - განაცხადა გიგი უგულავამ მის მიმართ წარდგენილ ძალადობის ბრალდების ამნისტირებაზე.

მისი თქმით, პატიმრობა რომ შეუფადონ, არ ანაღვლებს, რადგან საქმე არ დამთავრდება, არ დაიხურება, ვიდრე არ გამოჩნდება, რომ არის ორგანიზებული დანაშაული

„ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე შეკერილია, აქ არის პოლიტიკური საფუძველი. არანაირი ამნისტია არ მინდა, რა უსამართლოც არის ეს სასამართლო ვიცი, მაგრამ არ მინდა არანაირი ამნისტია. არ მივიღებ მას, რადგან ეს იქნებოდა საშუალება ამ საქმის ჩაფარცხვის. ეს არის სისტემური დანაშაული. მე მოსამართლესაც ვუთხარი, აქ რომ მანდატურს ხელი გავარტყა, ამ კამერებს ხო, ამოიღებთ და საქმეში ჩადებთ, მაშინ მითხარით აეროპორტის კამერები რატომ არ არის საქმეში? იმიტომ არ არის, რომ იქ ნათლად ჩანს, ეს იყო ორგანიზებული. დავალებით მოქმედებდა ადამიანი, რომელიც თან ეჭვმიტანილია ამ საქმეში. 16 ნოემბერს ჩვეულებრივად ზონდერებთან ერთად იყო ხალხის დასარბევად. ამ მოსამართლისგან რას უნდა ელოდო პიჯაკების საქმის მოსამართლეა, მაგრამ არც ველოდები, არც მაინტერესებს. რომც გამოიტანონ პატიმრობა, არ მანაღვლებს, რადგან ეს საქმე არ დამთავრდება, არ დაიხურება, ვიდრე არ გამოჩნდება, რომ არის ორგანიზებული დანაშაული“, – განაცხადა უგულავამ.

საქმის პროკურორი ნათია გურული აცხადებს, რომ იმ ქმედებაზე, რომელიც გიგი უგულავამ ჩაიდინა, ამნისტია ვრცელდება.

საქმეზე მომდევნო სხდომა 29 ივნისს გაიმართება. საქმე ეხება 2019 წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს. უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად, ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.

ახალი მოწვევის პარლამენტმა 11 იანვარს მიიღო ამნისტიის შესახებ კანონი, რომლის საფუძველზეც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან ის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომელთაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე