შეერთებული შტატები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს

საქართველო, თბილისი - 13:33 | 29.05.2021
ნანახია: 818

შეერთებული შტატები სანქციებს აწესებს ბელარუსის ცხრა სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგ. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონი პარტნიორებთან კოორდინაციით განაგრძობს მუშაობას ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ მიზნობრივი სანქციების შემუშავებაზე.

"2021 წლის 3 ივნისიდან შეერთებული შტატები სრულად აღადგენს სანქციებს ბელარუსის 9 სახელმწიფო საწარმოს წინააღმდეგ", - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

სანქციების აღდგენის შემდეგ, აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ მონაწილეობა მიიღონ ამ ორგანიზაციებთან, მათ ქონებასთან ან ქონებრივ ინტერესებთან დაკავშირებულ გარიგებებში.

სასანქციო სიაში მოხვდნენ - Belneftekhim, Naftan, Grodno Azot, Grodno Khimvolokno, Lakokraska და Polotsk Fiberglass.

აშშ ასევე შეაჩერებს ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ 2019 წლის შეთანხმებას.

ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ კიდევ ერთხელ გმობს ბელარუსის ხელისუფლების ქმედებებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევასთან, კორუფციასთან, არჩევნების გაყალბებასთან და 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებასთან არის დაკავშირებული.

"კომერციული თვითმფრინავისთვის მიმართულების იძულებით შეცვლა და ჟურნალისტ პროტასევიჩის დაკავება საერთაშორისო ნორმების აშკარა დარღვევაა", - ამბობს თეთრი სახლის პრესმდივანი.

მან დასძინა, რომ სახაზინო დეპარტამენტი პრეზიდენტისთვის ახალ აღმასრულებელ ბრძანებას ამზადებს, რომელიც შეერთებულ შტატებს სანქციების დაწესების გაფართოებულ უფლებამოსილებას მისცემს.

გარდა ამისა, ფსაკის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ურჩევს ამერიკის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ბელარუსში გამგზავრებისგან. აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ კი ეროვნულ ავიაგადამზიდავებს ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ურჩია.

აშშ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ლუკაშენკას რეჟიმს, არ შეაფერხოს Ryanair-ის ინცედენტთან დაკავშირებით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სააგენტოს გამოძიება, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დაიწყოს ოპოზიციასთან დიალოგი.

23 მაისს ბელარუსის ხელისუფლებამ ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ რეისი მინსკში იძულებით დასვა და მის ბორტზე მყოფი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავა.

ბელარუსის პრეზიდენტის ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადაწყვეტილებამ, ავიაგამანადგურებლის მეშვეობით იძულებით დაესვა Ryanair-ის თვითმფრინავი მინსკის აეროპოპორტში, საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია.

თვითმფრინავში, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, იმყოფებოდნენ 26 წლის ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი, პოლიტიკური აქტივისტი რომან პროტასევიჩი და მისი 23 წლის მეგობარი სოფია საპეგა.

ბელარუსის სამართალდამცავებმა თვითმფრინავის მინსკში დაშვების შემდეგ, პროტასევიჩი და საპეგა დააკავეს.

დასავლეთის ქვეყნებმა ლუკაშეკნკას ქმედება დაგმეს და დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვეს. ევროკავშირმა განაცხადა, რომ მუშაობს ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე.

კვირის დასაწყისში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მოუწოდეს ავიაკომპანიებს, რომ აღარ გამოიყენონ ბელარუსის საჰაერო სივრცე საერთაშორისო რეისებისთვის. მალევე, უმსხვილესმა ავიაკომპანიებმა განაცხადეს, რომ შეაჩერებენ ფრენებს ბელარუსის საჰაერო სივრცეში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე