გერმანიამ ოფიციალურად აღიარა ჰერეროსა და ნამას ტომების გენოციდი ნამიბიაში

საქართველო, თბილისი - 21:10 | 28.05.2021
ნანახია: 549

გერმანიამ ოფიციალურად აღიარა მეოცე საუკუნის დასაწყისში გერმანული კოლონიური ჯარის მიერ ნამიბიის ახლანდელ ტერიტორიაზე ჩადენილი მკვლელობები გენოციდად და ჰერეროსა და ნამას ტომების შთამომავლებს ბოდიში მოუხადა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინიტრის ჰაიკო მაასის თქმით, დღეს, 28 მაისს ხუთ წელზე მეტი ხნის მოლაპარაკებების შედეგად გერმანიამ და ნამიბიამ შეთანხმებას მიაღწიეს ყველაზე ბნელი ისტორიის შეფასებისას. მისივე თქმით, გერმანია ნამიბიას დახმარებას გამოუყოფს.

„აუცილებელია შელამაზების გარეშე თავის სახელი დაერქვას გერმანიის კოლონიური მმართველობის პერიოდის მოვლენებს დღევანდელი ნამიბიის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი იმ სიმხეცეს, რომელიც გერმანელმა სამხედროებმა 1904-1908 წლებში ჩაიდინეს. ჩვენ დღეს ოფიციალურად ვაღიარებთ, რომ ეს მოვლენები დღევანდელი თვალსაზრისით იყო გენოციდი“, - თქვა მაასმა.

მიღწეული შეთანხმების მიხედვით, გერმანია ნამიბიას განვითარებისა და აღდგენისთვის 1,1 მლრდ ევროს გამოუყოფს.

ნამიბიის გადაწყვეტილებით, დახმარების ძირითადი ნაწილი გამოიყოფა სოფლის მეურნეობის განვითარების, წყალმომარაგებისა და პროფესიული განათლებისთვის.

ნამიბია, რომელსაც ადრე ეწოდებოდა გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ აფრიკა, 1884-1915 წლებში გერმანიის კოლონია იყო. 1904-1908 წლების პერიოდში გერმანიის არმიამ გაანადგურა ჰერეროსა და ნამას ათი  ათასობით წარმომადგენელი. ისტორიკოსებმა ამ მოვლენებს მეოცე საუკუნის პირველი გენოციდი უწოდეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე