ჩინეთში, მარათონის დროს 21 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 19:48 | 23.05.2021
ნანახია: 408

ჩინეთში, ულტრამარათონის დროს 21 ადამიანი დაიღუპა. 100-კილომეტრიანი მარათონი მთიან რაიონში ჩატარდა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე განსუს პროვინციაში. ცჟან სიაოტაო ერთადერთია მარათონის ექვსი ლიდერიდან, რომელიც ცოცხალი გადარჩა. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ როდესაც შაბათს, 22 მაისს მარათონმა სტარტი აიღო და ლიდერებმა 20 კმ გაირბინეს, ნორმალური ამინდი იყო.

თუმცა ამინდი მოულოდნელად გაუარესდა. სტარტიდან რამდენიმე საათში მთებში მკვეთრად აცივდა, ტემპერატურა 6 გრადუსამდე დაეცა, ამოვარდა ძლიერი ქარი და ყინულოვანი წვიმა წამოვიდა.

სპორტულ ღონისძიებაში 172 ადამიანი მონაწილეობდა, ამინდის გაუარესების გამო მარათონი გააჩერდა. ზოგმა შეწყვიტა სირბილი, სხვებმა კი სირბილი გააგრძელეს და მთებში აღმოჩნდნენ იმ დროს, როცა რეგიონს სტიქია დაატყდა.

ცჟან სიაოტაო დეტალურად იხსენებს მომხდარს. მისი თქმით, თვალები წვიმით ევსებოდათ, სეტყვის ქვები სახეზე ეხეთქებოდათ, ძლიერი ქარი კი მიწაზე ანარცხებდათ. „მე ათჯერ მაინც დავეცი. კიდურები გამეყინა. სხეულს ვერ ვიმორჩილებდი. მეათედ რომ წავიქეცი, ვეღარ წამოვდექი. ბოლო ძალები მოვიკრიფე. თერმოსაბანი მოვიხვიე, GPS-ლოკატორი მოვძებნე და SOS დავაწექი, შემდეგ კი გავითიშე,“- იხსენებს მარათონის მონაწილე.

ჩჟან სიაოტაო უგონოდ ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მას მწყემსმა მიაგნო, რომელმაც ის გამოქვაბულში გადაიყვანა, ცეცხლი დაანთო, სველი ტანსაცმელი გახადა და საბანში გაახვია, რის შემდეგაც სპორტსმენი გონს მოეგო. გამოქვაბულში კიდევ რამდენიმე მარათონელი იმყოფებოდა.

სამაშველო ოპერაცია დღეს დასრულდა. მაშველებმა 151 სპორტსმენი გადაარჩინეს, ნაპოვნია 21 ადამიანის ცხედარი. მარათონელები სხეულის გადაციების შედეგად დაიღუპნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე