პროექტში „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ განაცხადების მიღება უკვე შესაძლებელია

საქართველო, თბილისი - 15:36 | 01.02.2016
ნანახია: 1420

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალ პროექტში „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი ვებ გვერდი Recommend.ge ამოქმედდა. პროექტში მონაწილე კვებისა და განთავსების ობიექტებს, ასევე გიდებს საშუალება აქვთ საიტზე ონლაინ რეჟიმში შეავსონ განაცხადების ფორმა ან უკვე შევსებული აპლიკაციები მოიტანონ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში. Recommend.ge-ზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია პროექტის, მასში ჩართვისთვის საჭირო პროცედურებისა და შესასრულებელი კრიტერიუმების შესახებ. პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და განაცხადების მიღება Recommend,.ge –ზე 1 მარტამდე გაგრძელდება.

პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტი მიერ“ მიზნად ისახავს რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, კვებისა და განთავსების ობიექტებში უსაფრთხოებისა და ტექნიკური სტანდარტების დამკვიდრებას. ის ასევე ითვალისწინებს რეგიონში ტურისტული გიდის მომსახურების გაუმჯობესებასა და გიდებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას.

განცხადებების გადარჩევის შემდეგ პროექტის მონაწილე განთავსებისა და კვების ობიექტები გაივლიან სპეციალურ ტექნიკურ შემოწმებას, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. პროექტის შედეგად გამოვლენილი ობიექტები მიიღებენ სპეციალურ ნიშას „რეკომენდირებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, რომელიც ტურისტებისთვის კონკრეტული ობიექტის სანდოობისა და ხარისხის ერთგვარ გარანტად იქცევა. ხარისხის ნიშნის მინიჭება წელიწადში ერთხელ ხდება და ის განახლებას ყოველწლიურად საჭიროებს.

რაც შეეხება გიდებს, პირველ ეტაპზე იგეგემება ქალაქის გიდის, ზემო აჭარის გიდისა და დაცული ტერიტორიის - მტირალას ეროვნული პარკის გიდისთვის ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მინიჭება. ტურისტულ გიდად აღიარების პროცედურა ხორციელდება წელიწადში ერთხელ - შემოდგომაზე. გიდად აღიარების მსურველმა უნდა შეავსოს განაცხადი/ანკეტა ვებ გვერდზე www.recommend.ge. შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას, გასაუბრებას და მოაწყობენ საჩვენებელ ექვსკურსიას, რის შემდეგაც მოხდება მათთვის ხარისხის ნიშნის მინიჭება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახლად ამოქმედებული პორტალი Recommend.ge იქნება ერთგვარი ბაზა, სადაც ტურისტებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ დეპარტამენტის მიერ რეგიონში რეკომენდებული ხარისხიანი ობიექტების შესახებ მიიღონ ინფორმაცია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე